სასამართლომ ნიკა მელიას გირაოს სახით დამატებით 40 ათასი ლარის გადახდა დააკისრა

პუბლიკა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერს, ნიკა მელიას, თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 70 ათასი ლარის ოდენობით გირაოს გადახდა დააკისრა (რომელიც მოიცავს წინა განჩინებით შეფარდებულ 30-ათასლარიან გირაოსაც. ანუ დამატებით დაეკისრა 40 ათასი ლარის გადახდა). გარდა ამისა, დამატებითი ღონისძიების სახით გამოყენებული იქნება აკრძალვა, რომლის მიხედვით, ნიკა მელია ბრალდების მხარის წინასწარი ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე სახელმწიფო საზღვრის დატოვებას ვერ შეძლებს. გადაწყვეტილება მოსამართლემ, დალი მეტრეველმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. პროკურატურა ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიებების პირობის დარღვევას ედავებოდა.

სასამართლო პროცესზე პროკურორმა, მიხეილ სადრაძემ განაცხადა, რომ პროკურატურის შუამდგომლობაა გირაო 100 ათასი ლარის ოდენობით (რომელიც მოიცავს წინა განჩინებით შეფარდებულ 30-ათასლარიან გირაოსაც).

„პრაქტიკულად, ფაქტობრივი მოცემულობაა ის, რომ დამატებითი ღონისძიება – ელექტრონული მონიტორინგი გაუქმებულია. აქედან გამომდინარე, ამ მოთხოვნასთან ერთად ვაყენებთ მოთხოვნას, რომ ბრალდებულის მიმართ დამატებითი ღონისძიების სახით გამოყენებული იქნას აკრძალვა სახელმწიფო საზღვრის დატოვებისა, ბრალდების მხარის წინასწარი ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე“, – განაცხადა პროკურორმა.

ნიკა მელიას ადვოკატმა, გიორგი კონდახიშვილმა განმარტა, რომ პროკურატურამ ნიკა მელიას მიმართ ამ დრომდე არსებული ყველა შემზღუდავი ღონისძიების მოხსნა და გირაოს თანხის 100 ათას ლარამდე გაზრდა მოითხოვა, თუმცა მოსამართლემ გირაოს თანხის 40 ათასით გაზრდა გადაწყვიტა.

„სასამართლოს მიერ გამოცხადდა შემდეგი გადაწყვეტილება – ნიკა მელიას გაუუქმდა ყველა ის შემზღუდავი ღონისძიება, რაზეც ჩვენ პირველივე დღიდან ვამბობდით, რომ იყო არაკონსტიტუციური. ეს არის ელექტრონული მონიტორინგი, სახლიდან გასვლის შეზღუდვა, სიტყვის გამოთქმის უფლება, მესამე პირებთან – მოქალაქეებსა და ამომრჩეველთან შეზღუდვა; ჰქონდა შეზღუდვა, რომ პასპორტი და ყველანაირი დოკუმენტაცია უნდა ჩაებარებინა და პროკურატურის ნებართვის გარეშე შეზღუდული ჰქონდა ყველანაირი კომუნიკაცია და გადაადგილება. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მას შეზღუდული ჰქონდა სიტყვით საჯაროდ გამოსვლის უფლება.

დაუბრუნდა ყველა სახის დოკუმენტი, რომელიც ჰქონდა ჩამორთმეული. ეს ნიშნავს იმას, რომ ერთი წლის განმავლობაში ის უკანონოდ იმყოფებოდა ამ შეზღუდვებში, ეს იყო ანტიკონსტიტუციური შეზღუდვები.

თუ დღეს პროკურატურა თვლის, რომ არ არსებობს მელიას მიმალვის საფრთხე, ზემოქმედების საფრთხე, საჯარო გამოსვლების დროს ახალი დანაშაულის მოტივირების საფრთხე და აქედან გამომდინარე მოითხოვეს შემზღუდავი ღონისძიებების გაუქმება, სხვა სამართლებრივი ლოგიკა ამას არ აქვს.

მოსამართლემ გააკეთა განმარტება, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-200 მუხლის მე-7 ნაწილშიო წერია მკაცრი ღონისძიების შეცვლა და ეს იგულისხმა იგივე სახის ღონისძიებაში გირაოს თანხის გაზრდა. მოსამართლემ გირაოს ნაწილში თანხა გაზარდა 40 ათასით. ჩვენი რწმენით, ეს არის აბსოლუტური აბსურდი“, – განაცხადა კონდახაშვილმა.

მისი თქმით, ის გირაოს გადახდასთან დაკავშირებით მელიასთან გაივლის კონსულტაციას, თუმცა ადვოკატი ჯერ ელოდება, რას დაწერს მოსამართლე გადაწყვეტილების დასაბუთებაში.

პროკურორმა მიხეილ სადრაძემ განმარტა, რომ ის ინტერპრეტაცია, რომელსაც გიორგი კონდახაშვილი მე-200 მუხლის მე-7 ნაწილზე იყენებს, არასწორია. მისი თქმით, კანონი ამბობს, რომ შესაძლებელია მოხდეს გამკაცრება, გამკაცრება კი გულისხმობს როგორც აღკვეთი ღონისძიების სახის შეცვლას (პირობითად, გირაოს შეცვლას პატიმრობით), ასევე გულისხმობს გირაოს თანხის შეცვლასაც. პროკურორის თქმით, გირაო 70 ათასი ლარის ოდენობით უფრო მკაცრია, ვიდრე გირაო 30 ათასის ოდენობით.

სასამართლოს გადაწყვეტილებამდე მელია აცხადებდა, რომ პროკურატურამ თავისი შუამდგომლობით [გირაოს მოთხოვნა] აღიარა, რომ ამ დრომდე დაწესებული შეზღუდვები არაეფექტური იყო და, მისი თქმით, დღევანდელმა პროცესმა აჩვენა, რომ „ხელისუფლება ჩამოშლილია“.

„პრაქტიკულად, აღიარეს, რომ წელიწად-ნახევრის განმავლობაში სამაჯურიც ტყუილად მეკეთა, ნებისმიერი შეზღუდვაც ტყუილად მქონდა დაწესებული, როგორიც არის, მაგალითად, პასპორტის ჩამორთმევა. პლუს, სახლში რაღაცა დანადგარი მიყენია, რომელიც აკონტროლებს ჩემს შესვლა-გამოსვლას. სასამართლო გადაწყვეტილებით, აკრძალული მქონდა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებზე სიტყვით გამოსვლა. ნუ უკანასკნელ თვეებში ყველაფერს, გარდა საზღვარგარეთ გასვლისა, ვაკეთებდი, ხო?

როგორც ჩანს, დარწმუნდნენ თავიანთ უსუსურობაში და ეს ყველაფერი გააუქმეს. პასპორტსაც კი მიბრუნებენ, დანადგარი სახლიდან მიაქვთ. ესეიგი, ეს სამაჯური ადრე უნდა მომეწყვიტა და გადამეგდო – ეს ხუმრობით.

უფრო სერიოზულად რომ გითხრათ, ხელისუფლება ნამდვილად ჩამოშლილია. აღიარა, რომ შეზღუდვები იყო უკანონო. ვერ ვაკონტროლებთ, მონიტორინგს ვერ ვუწევთო და თავადვე მოითხოვეს ამ ყველაფრის გაუქმება“, – განაცხადა ნიკა მელიამ.