სასამართლომ ნინოწმინდის პანსიონიდან ბავშვების დაუყოვნებლივ გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო - PHR

პუბლიკა

ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) წარმომადგენელმა ანა აბაშიძემ რამდენიმე წუთის წინ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ გუშინ ორგანიზაციამ სასამართლოს მიმართა მოთხოვნით ნინოწმინდის პანსიონიდან ბავშვების დაუყოვნებლივ გამოყვანის შესახებ. აბაშიძის განცხადებით, სასამართლომ ეს შუამდგომლობა დღეს დააკმაყოფილა.

„დაუყოვნებლივ ყოველგვარი ხელშეშლის გარეშე, დღესვე, ამ წამს, უნდა დაიწყოს ბავშვების გაყვანა ნინოწმინდის პანსიონატიდან“, – აცხადებს აბაშიძე.

მისივე თქმით, პანსიონში შექმნილი სარისკო გარემოებების გამო შედგენილი შუამდგომლობა სრულად გაიზიარა მოსამართლე ივანე ღლონტმა. ანა აბაშიძემ პრესკონფერენციაზე სასამართლოს დროებითი განჩინებიდანაც წაიკითხა ამონარიდი:

„სასამართლო მიიჩნევს, რომ იზრდება იმის ალბათობა, რომ საქმეზე გადაწყვეტილების მიღებამდე სარჩელის უზრუნველყოფის გამოუყენებლობის შემთხვევაში შეილახოს ბავშვთა ინტერესები და მას მიადგეს მნიშვნელოვანი ზიანი, ამასთან აღსანიშნავია, რომ საკითხი ეხება არასრულწლოვანთა ინტერესებს, რომელთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას შეიძლება შეექმნას საფრთხე…

ვიხელმძღვანელე მტკიცებულებებით, მათ შორის თავად პანსიონში მოთავსებული არასრულწლოვანი პირების განმარტებით, ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვის უზრუნველყოფის გათვალისწინებით სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ დაკმაყოფილდეს შუამდგომალობა“, – აღნიშნულია სასამართლოს განჩინებაში.

მოსამართლე განჩინებაში აღნიშნავს, რომ  ჯანდაცვის სამინისტროსა და სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს დაევალოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების დაუყოვნებლივ სხვა სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებაში გადაყვანა.

PHR-ის წარმომადგენლის, ანა არგანაშვილის თქმით, კანონით „პარტნიორობა ადამიანი უფლებებისთვის“ არის სპეციალური მოსარჩელე შშმ ბავშვებისთვის, თუმცა აღნიშნავს, რომ სასამარლოს გადაწყვეტილება არა მხოლოდ შშმ ბავშვებს, არამედ ყველა ბავშვს ეხება და ეს „ტექნიკური დეტალია“. არგანაშვილის თქმით, პანსიონში ყველა ბავშვის სიცოცხლე და ჯანმრთელობა შეიძლება იყოს საფრთხეში.