თბილისის საქალაქო სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო და 3500 ლარით დააჯარიმა 400-ლარიანი ჯებირის დაზიანების საქმეზე მსჯავრდებული ომარ ოკრიბელაშვილის მამა, გიორგი ოკრიბელაშვილი.
შსს-ს სამართალდარღვევის ოქმის მიხედვით, გიორგი ოკრიბელაშვილმა 10 თებერვალს რუსთაველზე სამართალდამცველებს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. მას მოუწოდებდნენ, შეეწყვიტა აღნიშნული, რასაც არ დაემორჩილა. შედეგად ოკრიბელაშვილი ადმინისტრაციული წესით დააკავეს.
გიორგი ოკრიბელაშვილის ადვოკატი, დავით გამყრელიძე ოქმს არ დაეთანხმა. მისი თქმით, 10 თებერვალს ცალკეული პირები და მედია ეწეოდნენ მის [ადვოკატის] დისკრედიტაციას, რუსთაველზეც ამ მიზნით შეიკრიბნენ სხვა პატიმრების მშობლები, რამაც გიორგი ოკრიბელაშვილი ააღელვა. ის რუსთაველზე მივიდა და, ადვოკატის თქმით, მშობლებს შორის „გაურკვევლობა მოხდა“. გინება და სიტყვიერი შეურაცხყოფა კი, მისივე განმარტებით, არამც თუ სამართალდამცველების მიმართ, მშობლებს შორისაც არ ყოფილა.
„[სამართალდამცველი] უკნიდან მოახტა, ყელის არეში მოავლო ხელი და წაათრია“, – თქვა ადვოკატმა.
საქმეზე გამოიკითხნენ გიორგი ოკრიბელაშვილის ცოლი შორენა ხომერიკი და ორი პოლიციელი.
პოლიციელებმა განაცხადეს, რომ ოკრიბელაშვილმა მათ რუსთაველის გამზირისა და 9 აპრილის კვეთაზე აგინა. მათივე თქმით, ოკრიბელაშვილის გაღიზიანება, სავარაუდოდ, გამოიწვია ნიღაბმა, რომელიც პოლიციელებს ეკეთათ.
გიორგი ოკრიბელაშვილის ცოლის, შორენა ხომერიკის ჩვენებით, აქციიდან სახლისკენ მიდიოდნენ ერთ-ერთ მშობელთან ერთად და საუბრობდნენ, როდესაც ერთ-ერთი ნიღბიანი პოლიციელი „დაეტაკა მათ“, მოიქნიეს ის და მათი თანმხლები ადამიანი, რის შემდეგაც რამდენიმე პოლიციელმა გიორგი ოკრიბელაშვილი „გაიტაცეს“.
შორენა ხომერიკის თქმით, სანამ პოლიციელი გიორგი ოკრიბელაშვილს თავს დაესხმებოდა, ის მათ თანმხლებ პირს ემოციურად ესაუბრებოდა და უკმაყოფილებას გამოხატავდა სხვა პატიმრების მშობლების მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციაზე. ხომერიკის თქმით, ოკრიბელაშვილს არ შეუგინია და არც ჟესტებით გამოუხატავს პოლიციის მიმართ შეურაცხყოფა.
10 თებერვალს რუსთაველის გამზირზე აქციების გამო დაკავებული პატიმრების მშობლებმა გააკეთეს საერთო განცხადება ერთ-ერთი ბრალდებულის, ნიკოლოზ ჯავახიშვილის წერილზე.
ამ წერილში ნიკოლოზ ჯავახიშვილი წერდა, რომ ადვოკატი დავით გამყრელიძე, რომელიც ომარ ოკრიბელაშვილის ადვოკატია, მასთან მივიდა და დანაშაულის აღიარების სანაცვლოდ საპროცესო შეთანხმების გაფორმება შესთავაზა.
პატიმრების ოჯახის წევრებმა მომხდარი „ქართული ოცნების” „უბინძურეს პოლიტიკად“ შეაფასეს და განაცხადეს, რომ „ოცნება“ ცდილობს უდანაშაულო ადამიანების „დანაშაულებრივ ჩანაფიქრში ჩათრევას“.
დავით გამყრელიძე ომარ ოკრიბელაშვილს იცავდა საქმის ბოლო ეტაპზე, როცა პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა.
ოკრიბელაშვილების ოჯახი აცხადებს, რომ მათი ადვოკატის „ქართულ ოცნებასთან“ და სხვა სახელმწიფო სტრუქტურებთან დაკავშირება მათთვის შეურაცხმყოფელია.
მათივე პოზიციით, სწორედ ამის გამო აღელდა გიორგი ოკრიბელაშვილი და აქციაზე მშობლებთან მივიდა.