პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა კაცებს, რომლებიც 16 დეკემბერს მეტროში ახალგაზრდებს თავს დაესხნენ.
ერთ პირს წლით და 6 თვით, ხოლო მეორე პირს – წლით და 9 თვით პატიმრობა მიესაჯა.
„თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და თბილისის მეტროში ჯგუფურად განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ორი ბრალდებული დამნაშავედ ცნო.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2024 წლის 16 დეკემბერს, მეტროში მგზავრობისას ბრალდებულები დაზარალებულს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
ბრალდებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით ( ძალადობა, ჩადენილი ჯგუფურად, არაერთგზის) წარედგინათ.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ორივე ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად ერთ პირს 1 წლით და 9 თვით, ხოლო მეორეს 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“,- ნათქვამია განცხადებაში.
16 დეკემბერს შსს-მ ორი პირი დააკავა – ისინი რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ და პროვოკაციას აწყობდნენ, მანამდე კი მეტროში ახალგაზრდებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.
დაპირისპირების ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა. ამას მოჰყვა ვიდეო, როგორ აგინებენ და ემუქრებიან ისინი მეტროში მყოფ ახალგაზრდებს.