სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა „4 ოქტომბრის საორგანიზაციო ჯგუფის“ წევრებს

პუბლიკა

თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა ხუთ ბრალდებულს: პაატა ბურჭულაძეს, პაატა მანჯგალაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძესა და ლაშა ბერიძეს.

გადაწყვეტილება მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა მიიღო. მან პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

პროკურორმა პატიმრობის საფუძვლებად დაასახელა მიმალვის საფრთხე, გამოძიებაში ხელშეშლისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე.

პროკურორის თქმით, ბრალდებულებს აქვთ კავშირები საზღვარგარეთ და გადაუკვეთავთ ქვეყნის საზღვარი. მისივე თქმით, ჩადენილია მძიმე დანაშაული, რაც უალტერნატივოდ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას, რაც შესაძლოა, მიმალვის საფუძველი გახდეს.

ადვოკატები საქმის პოლიტიკურ ასპექტზე ამახვილებდნენ ყურადღებას.

პაატა მანჯგალაძისა და მურთაზ ზოდელავას ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ განაცხადა, რომ ბრალდებულების ქმედება არა კონსტიტუციური წყობილების დამხობა, არამედ კონსტიტუციურ წყობილებაში დაბრუნება იყო.

მისი თქმით, ბრალად წარდგენილი მუხლები არ არის სახეზე, რადგან კონსტიტუცია თუ ვინმემ დაარღვია, ეს ხელისუფლებაა და სტრატეგიული ობიექტები უკვე დაკავებული იყო. რაც შეეხება ჯგუფური ძალადობის ორგანიზებს მუხლს, ბასიალაის თქმით, მიტინგზე თუ რამეს იტყვის ადამიანი, არ ნიშნავს, რომ აქციის მონაწილეები მისი ჯგუფის წევრები არიან.

„როდესაც ბრალდება საუბრობს, რომ ეს იყო ძალადობა და ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, სინამდვილეში ეს იყო მცდელობა, რომ აღკვეთილიყო ის აღვირახსნილი ძალადობა, რომელსაც „ქართული ოცნება“ უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში ახორციელებს ქართულ საზოგადოებაზე“, – თქვა მანჯგალაძისა და ზოდელავას ადვოკატმა ბექა ბასილაიამ.

ბასილაიამ გაიხსენა გასული წლის დეკემბერში მოქალაქეების მიმართ ძალადობა აღნიშნა, რომ პროტესტის ის ფორმა, რა ფორმითაც დაკავებულებმა გამოხატეს პროტესტი, არ შეიძლება, დანაშაულად იქნეს მიჩნეული.

„ქვეყანაში გვაქვს ტირანია და ტირანიის მიმართ ადამიანის იმ ფორმით პროტესტი, რაც ამ ხალხმა გამოხატა, არ შეიძლება, მიჩნეულ იქნეს დანაშაულად“, – თქვა ადვოკატმა.

ბექა ბასილაის თქმით, საუბარი არ ყოფილა პრეზიდენტის სასახლის აღებაზე, მურთაზ ზოდელავამ განაცხადა, რომ „პრეზიდენტის სასახლის გასაღები ჩავიბაროთო“, რაც ადვოკატის თქმით, მშვიდობიანი ქმედებაა.

აღკვეთის ღონისძიების საკითხზე მსჯელობისას ადვოკატებმა მოსამართლე ლელა მარიდაშვილის აცილება მოითხოვეს იმ საფუძვლით, რომ წარსულში ის საგარეჯოს საკრებულოში „ქართული ოცნების“ წევრი იყო. ლელა მარიდაშვილმა შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

„სასამართლოში მოსამართლედ გამწესება მოხდა კანონით დადგენილი წესით. არანაირად არ უკავშირდება ჩემს მოღვაწეობას საგარეჯოს საკრებულოში.

ის გარემოება, რომ ოდესღაც ვიყავი „ქართული ოცნების“ წევრი, ვერანაირად ვერ გახდება დღეს, თუნდაც მოცემულ საქმეზე, ჩემი, როგორც მოსამართლის აცილების საფუძველი.

ამასთან, მოგეხსენებათ ყველას, რომ საქმეთა განაწილება სასამართლოში ხდება ელექტრონულად, არანაირად არ არის ეს გამიზნული… იმ შემთხვევაში, თუკი ჩავთვლიდი, რომ ეს გარემოება იყო აცილების საფუძველი, მე თვითონ თვითაცილებას დავაყენებდი მოცემულ საქმეზე. მე ასე არ ვთვლი. არ ვიქნები არაობიექტური და ის გარემოება, რომ ოდესღაც ვიყავი „ქართული ოცნების“ წევრი, არანაირად არ ნიშნავს იმას, რომ ნებისმიერ სისხლის სამართლის საქმეზე, როგორც მოსამართლე, ვიქნები არაობიექტური, თუნდაც ამ კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე.

გარკვეული წლები გავიდა მას შემდეგ, როდესაც ჩავირიცხე, ვიღებდი მონაწილეობას კონკურსში და არ უკავშირდება ჩემი მოსამართლედ დანიშვნა საკრებულოში მუშაობას. არ არსებობს შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველი, მით უმეტეს, რომ დაცვის მხარე შუამდგომლობას აყენებს მაშინ, როცა რამდენიმე საათია 24-საათიანი ვადის ამოწურვამდე, რაც სასამართლოს აძლევს საფუძველს, რომ ივარაუდოს, პროცესის გაჭიანურებას ემსახურება მოცემული შუამდგლომლობა“, – განაცხადა მარიდაშვილმა.

წინასასამართლო სხდომა 26 ნოემბერს ჩაინიშნა.


4 ოქტომბრის აქციის საორგანიზაციო კომიტეტის წევრები – პაატა ბურჭულაძე, ირაკლი ნადირაძე, მურთაზ ზოდელავა, პაატა მანჯგალაძე და ლაშა ბერიძე შინაგან საქმეთა სამინისტომ 4 ოქტომბრის ღამეს დააკავა. მათ ბრალდება 6 ოქტომბერს წარედგინათ.

მურთაზ ზოდელავას, პაატა ბურჭულაძესა და ირაკლი ნადირაძეს ნადირაძეს ბრალი სამი მუხლით ედებათ:

  • 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად);
  • 225-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა);
  • 317-ე მუხლით (მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ).

ლაშა ბერიძეს:

  • 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად);
  • 225-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა)

პაატა მანჯგალაძეს:

  • სსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება).