თბილისის საქალაქო სასამართლომ ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი დავით ქაცარავა 2 000 ლარით დააჯარიმა და სანქციის სახით, 2 წლით იარაღის ტარების უფლება ჩამოართვა.
დავით ქაცარავას წინააღმდეგ საქმე აღძრული იყო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით, რომლებიც პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას გულისმობს.
მოსამართლე კობა ჩაგუნავამ წვრილმან ხულიგნობასთან დაკავშირებით საქმის წარმოება შეწყვიტა, თუმცა ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი სამართალდამრღვევად ცნეს სამართალდამცავებისთვის შეურაცხყოფისა და წინააღმდეგობის გაწევის ნაწილში.
დავით ქაცარავა 14 მაისს რუსთაველის გამზირზე, პირველი სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. დაკავების შემდეგ გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ ის არ არის ნაცემი. როგორც ქაცარავამ მოგვიანებით თქვა, სპეცრაზმელები მას სასტიკად დაკავების შემდეგ მანქანაში გაუსწორდნენ. ქაცარავა იმ დღესვე გადაიყვანეს ინგოროყვას კლინიკაში, სადაც ოპერაცია ჩაუტარდა.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, 2024 წლის 14 მაისს, სამართალდამცავების მხრიდან დავით ქაცარავას მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით გამოძიება დაიწყო.