სასამართლომ „რადიო თავისუფლების“ ოპერატორის წინააღმდეგ „ტროტუარის საქმე“ შეწყვიტა

პუბლიკა

„რადიო თავისუფლების“ ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლომ შეწყვიტა „რადიო თავისუფლების“ ოპერატორის, ზურაბ (ზუკა) ხიდაშელის წინააღმდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წარმოებული საქმე. გადაწყვეტილება თორნიკე კაპანაძემ მიიღო.

გამოცემის ინფორმაციით, შსს-ს იურისტები ამტკიცებდნენ, რომ ხიდაშელს პარლამენტთან არსებულ ტროტუარზე მუშაობა მხოლოდ ფოტო- ან ვიდეოგადაღების დროს შეეძლო.

„რადიო თავისუფლება“ წერს, რომ მათ პლატფორმებზე გამოქვეყნებული მასალა, რომელიც ადასტურებდა რომ ოპერატორი 18 დეკემბერს პარლამენტის წინ ტროტუარზე პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა, საქმეს მტკიცებულებად დაერთო.

ხიდაშელი შსს-მ 4 სექტემბერს 5000 ლარითაც დააჯარიმა, თუმცა ეს „რადიო თავისუფლების“ თანამშრომელმა მხოლოდ მას შემდეგ გაიგო, რაც მის წინააღმდეგ კიდევ ერთი სამართალწარმოება დაიწყო. ეს ჯარიმა მან ინფორმაციის მიღებისთანავე გაასაჩივრა.

„რადიო თავისუფლება“ წერს, რომ ორივე შემთხვევაში – 2025 წლის 4 სექტემბერსაც და 18 დეკემბერსაც – ხიდაშელი, როგორც „რადიო თავისუფლების“ ოპერატორი სარედაქციო დავალებას ასრულებდა და აშუქებდა საპროტესტო აქციას.


თბილისის საქალაქო სასამართლოში „ტაბულასა“ და „ნეტგაზეთის“ ჟურნალისტების, მარიამ კუპრავასა და მარიამ ძიძარიას ადმინისტრაციული პროცესები ჩაინიშნა. მარიამ კუპრავას პროცესი 23 მარტს, 16:00 საათზეა ჩანიშნული, მარიამ ძიძარიასი კი – 27 მარტს, 16:00 საათზე.

ონლაინგამოცემების ჟურნალისტებს შსს გზის „ხელოვნურად გადაკეტვას“ ედავება.

მარიამ ძიძარიას შემთხვევაში საუბარია 31 იანვარს გამართულ „შაბათის მარშზე“. გამოცემა „ნეტგაზეთის“ ცნობით, მარიამ ძიძარია იმ დროს პარლამენტთან მიმდინარე აქციას აშუქებდა, ეკეთა პრესის დამადასტურებელი საიდენტიფიკაციო ნიშანი და თან ჰქონდა კამერა.

„ტაბულას“ ჟურნალისტს მარიამ კუპრავას კი, შსს გზის „ხელოვნურად გადაკეტვას“ 7 თებერვალს ედავება, ისიც შაბათის მორიგ საპროტესტო მსვლელობას აშუქებდა.

ჟურნალისტსებს 15 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობა ემუქრებათ.

ევროპის საბჭოს „ჟურნალისტების უსაფრთხოების პლატფორმამ“ „ნეტგაზეთის“ ჟურნალისტის, მარიამ ძიძარიას ადმინისტრაციული დევნის გამო განგაშის სიგნალიც ჩართო.