სასამართლომ რუსი ჟურნალისტი 30 000 რუბლით დააჯარიმა

პუბლიკა

მოსკოვის „ოსტანკინოს“ სასამართლომ რუსეთის „პირველი არხის“ ჟურნალისტი მარინა ოვსიანიკოვა, რომელიც გადაცემა „ვრემიას“ მსვლელობისას ეთერში ომის საწინააღმდეგო პლაკატით გამოჩნდა, 30 000 რუბლით დააჯარიმა. 

ოვსიანიკოვა დამნაშავედ ცნეს „არასანქცირებული საჯარო ღონისძიების ორგანიზებაში“. ჟურნალისტმა სასამართლო დარბაზი დატოვა.

მან დარბაზის დატოვების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მადლობას უხდის ყველას მხარდაჭერისთვის. როგორც ოვსიანიკოვამ თქვა, მისი დაკითხვა 14 საათი გაგრძელდა და მას ახლობლებთან დაკავშირების უფლებას არ აძლევდნენ.

რუსული მედია წერს, რომ რუსეთის „პირველი არხის“ ჟურნალისტი დააჯარიმეს არა ომის საწინააღმდეგი პლაკატის გამო, არამედ ვიდეოს გამო, რომელიც მან სოციალური ქსელებით გაავრცელა და სადაც ომზე პასუხისმგებლობას პუტინს აკისრებს.


გუშინ, რუსულ ტელეარხ „პირველი არხის“ საინფორმაციო გამოშვება „ვრემიას“ დროს ერთ-ერთი რედაქტორი მარინა ოვსიანიკოვა ტელეწამყვანის ფონზე პირდაპირ ეთერში პლაკატით გამოჩნდა, რომელზეც წარწერა იყო: „არა ომს, შეაჩერეთ ომი, არ ენდოთ პროპაგანდას, აქ თქვენ გატყუებენ“.