სასამართლომ „რუსთავი 2-ზე“ ჯარჯი აქიმიძისა და დავით დვალის სარჩელი განუხილველად დატოვა

პუბლიკა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ჯარჯი აქიმიძისა და დავით დვალის სარჩელი, ქიბარ ხალვაშისა და პაატა კარსანიძის მიმართ წილის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის, საჯარო რეესტრში წილის რეგისტრაციის გაუქმებისა და შპს-ს წილის მესაკუთრედ ცნობის მოთხოვნის შესახებ განუხილველად დატოვა. ინფორმაციას თბილისის საქალაქო სასამართლო ავრცელებს

ასევე, სასამართლომ მოცემულ საქმეზე გააუქმა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლის საფუძველზეც ყადაღა დაედო შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის“ პარტნიორის, ქიბარ ხალვაშის კუთვნილ 60% წილს.

„სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საქმის მასალები და მიიჩნია, რომ მოსარჩელე მხარემ ვერ უზრუნველყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნის დაცვა, კერძოდ, სარჩელისა და თანდართული მასალების მოპასუხისთვის ჩაბარება და კანონით დადგენილ ვადაში ჩაბარების ან/და ჩაუბარებლობის დამადასტურებელი დოკუმენტების სასამართლოში წარმოდგენა. სასამართლოს განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით მხარისათვის მისი ჩაბარებიდან 12 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც სასამართლო ავრცელებს.

„რუსთავი 2-ის“ თანადამფუძნებლებმა, დავით დვალმა და ჯარჯი აქიმიძემ, სამაუწყებლო კომპანიის წილის დასაბრუნებლად სარჩელი სასამართლოში 2019 წლის ოქტომბერში შეიტანეს.