სასამართლომ სააკაშვილის პროცესზე იუსტიციის მინისტრის გამოკითხვის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა

პუბლიკა

მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებულ პროცესზე მისმა ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ იუსტიციის მინისტრის მოწმის სახით გამოკითხვის შუამდგომლობა დააყენა, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.

შუამდგომლობის დროს შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა, რომ დაცვის მხარე მოხსნის ყველა მოწმეს, გარდა გორის სამხედრო ჰოსპიტალის ხელმძღვანელის, მალხაზ ურთმელიძისა და მოითხოვს იუსტიციის მინისტრის დაკითხვას.
შალვა ხაჭაპურიძის თქმით, იუსტიციის მინისტრი თავისი განცხადებებით შეურაცხყოფს პატიმრის პატივსა და ღირსებას და მან უნდა მოახსენოს სასამართლოს, რის საფუძველზე აცხადებს, რომ სააკაშვილი თვითდაზიანებას იყენებს. ადვოკატებისვე შეფასებით, ბრეგაძე ამგვარი განცხადებებით სასამართლოს საქმიანობაში ერევა.

მოსამართლე გიორგი არევაძემ სააკაშვილის დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

მოსამართლემ განმარტა, რომ პოლიტიკური თანამდებობის პირი, რომელიც პრესასთან აკეთებს განცხადებებს, არ შეიძლება იყოს მოწმე, მით უფრო, როცა დაცვის მხარეს შეეძლო, მინისტრის გამოკითხვის შუამდგომლობა პროცესის დასაწყისშივე დაეყენებინა, რადგან ყველა დოკუმენტი, რომლებზე დაყრდნობითაც ბრეგაძე საუბრობს, მათთვის ცნობილი იყო.

მოსამართლის თქმით, ყველა დამატებითი მოწმის დაკითხვა სასამართლოს დამატებით დროს წაართმევს, მით უმეტეს ისეთი მოწმის, რომლის ჯანმრთელობის საკითხში სპეციალისტი/ექსპერტი არ არის.