სასამართლომ სააკაშვილთან „ემპათიის“ ექსპერტების დაშვების შუამდგომლობა დააკმაყოფილა

პუბლიკა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა მიხეილ სააკაშვილთან სამედიცინო ცენტრ „ემპათიის“ ექსპერტების დაშვების შესახებ ადვოკატების შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

დაცვის შუამდგომლობას წინააღმდეგობა არ გაუწია ბრალდების მხარემ. პროკურორ ლევან ვეფხვაძის თქმით, ვინაიდან საკითხი ადამიანის ჯანმრთელობას შეეხება, პროკურატურა ამის წინააღმდეგი ვერ იქნება.

„სასამართლომ მოისმინა დაცვის მხარის შუამდგომლობა მიხეილ სააკაშვილის ექსპერტიზის მიზნით ექსპერტების დაშვების თაობაზე, სადაც ითხოვენ, პენიტენციურს დაევალოს, დაუშვას სააკაშვილთან ცენტრი „ემპათიის“ ექსპერტები.

[ადვოკატები] მიუთითებენ, რომ „ემპათიის“ ექსპერტებს არ მიუწვდებათ ხელი გამოსაკვლევ პირთან, ხოლო დაცვის მხარე  სააკაშვილის პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსების გამო მოკლებულია შესაძლებლობას, განახორციელოს კანონით მინიჭებული უფლებამოსილება და თვითონ წარადგინოს  გამოსაკვლევი პირი ექსპერტებთან.

მოცემული განმარტებიდან და წარმოდგენილი დოკუმენტებიდან გამომდინარე, ასევე იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ მხარე უფლებამოსილია, ჩაატაროს ექსპერტიზა… სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში არსებობს შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველი“, – განაცხადა მოსამართლემ.

სასამართლოს სხდომა 2 ივნისამდე გადაიდო. მოსამართლემ განმარტა, რომ, ე.წ. საზღვრის კვეთის საქმეზე სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის ჩვენება უნდა მოისმინოს. ადვოკატებმა განაცხადეს, რომ ისინი სააკაშვილის პოზიციას გაიგებენ და სასამართლოსა და პროკურატურას პასუხს შეატყობინებენ.