ვენესუელის სასამართლომ საპრეზიდენტო არჩევნებში ოპოზიციის კანდიდატის დაკავების ორდერი გასცა

პუბლიკა

ვენესუელის სასამართლომ ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებში ოპოზიციის კანდიდატის, ედმუნდო გონსალესის დაკავების ორდერი გასცა.

პროკურატურის მიერ გამოქვეყნებულ განკარგულებაში ნათქვამია, რომ გონსალესი რამდენიმე დანაშაულშია ეჭვმიტანილი. მას ედავებიან კანონებისადმი დაუმორჩილებლობის წაქეზებას, დოკუმენტების გაყალბებას, საინფორმაციო სისტემების საბოტაჟსა და დანაშაულებრივ დაჯგუფებებში მონაწილეობას.

„რეალობის შეგრძნება სულ დაკარგეს, არჩეული პრეზიდენტისადმი მუქარით ისინი მხოლოდ გვაახლოებენ და აძლიერებენ ედმუნდო გონსალესისადმი ვენესუელელებისა და მთელი მსოფლიოს მხარდაჭერას“, – დაწერა ვენესუელის ოპოზიციის ლიდერმა მარია კორინა მაჩადომ.


ვენესუელაში საპრეზიდენტო არჩევნები 28 ივლისს ჩატარდა. ქვეყნის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნებში გამარჯვებულად მოქმედი პრეზიდენტი, ნიკოლას მადურო გამოაცხადა, რასაც ქვეყანაში მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა. ოპოზიციამ კი ხმების დათვლის საკუთარი შედეგები გამოაქვეყნა, რომელთა თანახმადაც, არჩევნებში ოპოზიციონერმა კანდიდატმა გაიმარჯვა.

გაეროს მონაცემებით, ანტისამთავრობო დემონსტრაციებზე სულ მცირე 23 მომიტინგე დაიღუპა, ხოლო, დაახლოებით, 2400 ადამიანი დააკავეს.

რამდენიმე დასავლურმა ქვეყანამ მოუწოდა ვენესუელის ხელისუფლებას, გამოექვეყნებინა ხმის მიცემის მონაცემები სრულად, ხოლო სხვებმა, მათ შორის რუსეთმა და ჩინეთმა, მადუროს გამარჯვება მიულოცეს მიულოცეს.

ევროკავშირი არ აღიარებს ვენესუელის არჩევნების ოფიციალურად გამოქვეყნებულ შედეგებს. EU-ის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ ვენესუელის საარჩევნო კომისიას კენჭისყრის ჩანაწერები არ გამოუქვეყნებია, მათ მიერ გავრცელებული შედეგების სანდოობა ეჭვის ქვეშ დგას.

ასევე, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ვენესუელის არჩევნებში გამარჯვებულად ოპოზიციის კანდიდატი, ედმუნდო გონსალესი აღიარა.

მიუხედავად ამისა, ვენესუელის უზენაესმა სასამართლომ ნიკოლას მადურო საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად აღიარა.