სასამართლომ სექსუალური შევიწროებისათვის პირი 600 ლარით დაჯარიმა

პუბლიკა

საიას ინფორმაციით, ისინი იცავდნენ არასრულწლოვანს, რომლის მიმართ საჯარო სივრცეში სექსუალური შევიწროება განხორციელდა.

საიაში ამბობენ, რომ ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ დაადგინა არასრულწლოვანზე განხორციელებული სექსუალური შევიწროების ფაქტი  და პასუხისმგებელი პირი 600 ლარით დააჯარიმა.

სასამართლოს განმარტებით, სექსუალური შევიწროების მუხლის მიზნებისთვის, „საზოგადოებრივ ადგილად მიჩნეულ უნდა იქნეს ნებისმიერი ადგილი, სადაც ნებისმიერ პირს აქვს ჰყოფნის უფლება ან ამ უფლების მოპოვების შესაძლებლობა“.

საიაში ამბობენ, რომ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულმა პირმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა, სააპელაციო სასამართლომაც გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დადგენილებაში მოყვანილი ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება და  გადაწყვეტილება უცვლელად დატოვა.


პარლამენტმა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლითაც სექსუალური შევიწროება რეგულირდება, 2019 წლის 3 მაისს დაამტკიცა. ცვლილებებს მხარი 102-მა დეპუტატმა დაუჭირა.

ცვლილება ოთხ კანონში შევიდა: შრომის კოდექსში, სახალხო დამცველის შესახებ კანონში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსში.

დღეს უკვე კანონმდებლობა განსაზღვრავს სექსუალური შევიწროების დეფინიციას, რომლის თანახმადაც სექსუალურ შევიწროებად ჩაითვლება საზოგადოებრივ ადგილებში პირის მიმართ არასასურველი სექსუალური ხასიათის ქცევა, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს ღირსების შელახვას და ქმნის დამაშინებელ, მტრულ, დამამცირებელ ან შეურაცხმყოფელ გარემოს.