სასამართლომ ტატუნაშვილის წამების საქმეზე ბრალდებულებს უვადო თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა - პროკურატურა

პუბლიკა

პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მათ მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლომ არჩილ ტატუნაშვილის წამების საქმეზე ბრალდებულები სრულად ცნო დამნაშავედ ყველა წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ უვადო თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

„მცხეთის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და არჩილ ტატუნაშვილის ჯგუფურად წამებაში დახმარებისთვის და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთაში ბრალდებულები, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლები – დავით გურწიევი და ალიკ ტაბოევი დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში. სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარის მიერ გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 22 თებერვალს, საქართველოს მოქალაქეები არჩილ ტატუნაშვილი, ი.პ., ლ.ქ. ზ.გ. და ე.გ. იმყოფებოდნენ ოკუპირებული ახალგორის ტერიტორიაზე.

აღნიშნული გარემოება ცნობილი გახდა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებისთვის და გადაწყვიტეს, რომ არჩილ ტატუნაშვილისთვის უკანონოდ აღეკვეთათ თავისუფლება, მიეყვანათ მათთვის ხელსაყრელ ადგილზე და ეწამებინათ. მიზნის მისაღწევად, 2018 წლის 22 თებერვალს, ახალგორის რაიონის სოფელ მოსაბრუნთან, არჩილ ტატუნაშვილს და მასთან ერთად მყოფ პირებს ოკუპირებული ახალგორის ე.წ. პროკურატურის პროკურორის თანაშემწემ დავით გურწიევმა, ოკუპირებული ახალგორის ე.წ „КГБ“-ს სამსახურის განყოფილების უფროსმა ალიკ ტაბოევმა და ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. სამართალდამცავი ორგანოს სხვა თანამშრომლებმა ჯგუფურად, უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება და ჯერ არჩილ ტატუნაშვილი, ხოლო მოგვიანებით – ი.პ., ლ.ქ., ზ.გ. და ე.გ. გადაიყვანეს ახალგორის რაიონის ე.წ. უშიშროების სამსახურის შენობაში, საიდანაც არჩილ ტატუნაშვილი წამების მიზნით, გადასცეს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. სამართალდამცავი ორგანოს შეიარაღებულ თანამშრომლებს, რომლებმაც იგი წაიყვანეს ცხინვალში.

ცხინვალის ე.წ. პროკურატურის შენობაში ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. სამართალდამცველებმა, 2008 წლის აგვისტოს ომში მონაწილეობისთვის არჩილ ტატუნაშვილი აწამეს, რა დროსაც სხეულზე მიაყენეს სხვადასხვა სახის 100-ზე მეტი დაზიანება. მიღებული დაზიანებების შედეგად არჩილ ტატუნაშვილი გარდაიცვალა“,- ნათქვამია განცხადებაში.