სასამართლომ თემურ ქათამაძეს საიმიგრაციო პატიმრობა 6 თვემდე გაუხანგრძლივა

პუბლიკა

თბილისის სასამართლომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და თემურ ქათამაძეს 6 თვემდე გაუხანგრძლივა საიმიგრაციო პატიმრობა. ქათამაძის ადვოკატი ამბობს, რომ მიგრაციის დეპარტამენტის შუამდგომლობა დაუსაბუთებელი იყო.

„დღეს თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავდა გაფარ ილმაზის საქმეზე შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის შუამდგომლობას დროებითი მოთავსების ცენტრში მისი დაკავების გაგრძელებასთან დაკავშირებით. იმის მიუხედავად, რომ შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის შუამდგომლობა ვფიქრობთ, რომ იყო აბსოლუტურად დაუსაბუთებელი და არანაირი ფაქტობრივ სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა ამ შუამდგომლობის დაკმაყოფილების, თბილისის საქალაქო სასამართლომ მაინც მიიღო ეს გადაწყვეტილება და მაინც დაკმაყოფილდა მიგრაციის სამსახურის შუამდგომლობა და გაფარ ილმაზის დაკავების ვადა გახანგრძლივდა 6 თვემდე ვადით“, – ამბობს ადვოკატი ვერიკო ჯგერენაია.

ადვოკატის განცხადებით, სხდომაზე ითხოვდნენ ალტერნატიული ზომების გამოყენებას, რომელიც შესაძლოა ყოფილიყო სამართალდამცავ ორგანოში კვირაში 2-ჯერ გამოცხადება, ან გარკვეული თანხის გადახდის ვალდებულება. ჯგერენაია ამბობს, რომ შსს-მ ვერც ალტერნატიული ზომების გამოყენებაზე უარი დაასაბუთა, თუმცა სასამართლომ მაინც უწყების პოზიცია გაითვალისწინა.

ადვოკატი აღნიშნავს, რომ თემურ ქათამაძე 2025 წლამდეც იყო გარკვეული პერიოდის განმავლობაში საქართველოში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, თუმცა მანამდე აღნიშნულთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ შექმნია.

მისი თქმით, მიგრაციის დეპარტამენტის არგუმენტის მიხედვით, სანამ სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებას არ მიიღებს, ქათამაძე ითვლება თავშესაფრის მაძიებლად და უწყების აზრით, მან თავშესაფრის მაძიებლობა და ჰუმანიტარული დაცვის სტატუსის მიღება სცადა იმიტომ, რომ გაძევების საქმე გაჭიანურებულიყო.


თბილისის საქალაქო სასამართლო თემურ ქათამაძისთვის ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების საკითხზე 18 მარტს იმსჯელა და სარჩელი არ დააკმაყოფილა. საერთაშორისო დაცვის მინიჭება გულისხმობს როგორც ლტოლვილის სტატუსს, ასევე ჰუმანიტარული ან დამატებითი დაცვის სტატუსს.

თემურ ქათამაძე 11 იანვარს დააკავეს ბათუმში, საპროტესტო აქციაზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით, რაც პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. მას 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს.

იზოლატორის დატოვების შემდეგ, 16 იანვარს, ქათამაძე ისევ დააკავეს – ამჯერად მას საქართველოდან გაძევება ემუქრება. შსს-მ 16 იანვარსვე განაცხადა, რომ ქათამაძე დაკავებულია საიმიგრაციო კანონმდებლობის შესაბამისად — ქათამაძე მუჰაჯირების შთამომავალია. „ბათუმელებთან” ინტერვიუში მან თქვა, რომ საქართველოში 2012 წლიდან ცხოვრობს და მიუხედავად ბევრი მცდელობისა, ჯერაც არ აქვს საქართველოს მოქალაქეობა.

მეორედ დაკავების შემდეგ მან შიმშილობა დაიწყო. შიმშილობის 48-ე დღეს ის კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც შიმშილობა შეწყვიტა. 1 აპრილს პატიმრობაში მყოფმა თემურ ქათამაძემ შიმშილობა განაახლა. 5 აპრილს კი ცნობილი გახდა, რომ შიმშილობა შეწყვიტა.