საქართველოს პროკურატურის ცნობით, მათ მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ ტერორისტული ორგანიზაციის წევრობის, უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე 5 პირი დამნაშავედ ცნო.
„დადასტურდა, რომ საქართველოს მოქალაქემ, რომელიც გაერთიანებული იყო უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოში“, ამავე ორგანიზაციაში გააწევრა საქართველოს კიდევ 4 მოქალაქე.
ახლადგაწევრებული პირები გეგმავდნენ სირიაში წასვლას და „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში ბრძოლას, რაც დროულად აღიკვეთა საქართველოს პროკურატურისა და კონტრტერორისტული ცენტრის ერთობლივი მოქმედებებით“, – ამბობენ პროკურატურაში.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ერთი პირი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 328-ე მუხლით (უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში მისი დახმარება) დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახედ და ზომად 12 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, ხოლო 4 პირი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილით (ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა) და სასჯელის სახედ და ზომად 10-10 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ.