სასამართლომ ყაჩაღობაში ბრალდებულ პოლიციელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

პუბლიკა

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ბათუმის საქალაქო სასამართლომ ყაჩაღობის ბრალდებით დაკავებულ პოლიციელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 26 თებერვალს შეუფარდა. წინასასამართლო სხდომა 15 აპრილსაა ჩანიშნული. 

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული თანხის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ბათუმში, თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე სასურსათო მაღაზიაში  საკანცელარიო დანის გამოყენებით თავს დაესხა მენეჯერს და სიცოცხლისთვის საშიში ძალადობის მუქარით გაიტაცა 2915 ლარი” – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

პროკურატურის თქმით, ბრალდებული შემთხვევის ადგილზე მისულ სამართალდამცველებს თავად ჩაბარდა და დანაშაული აღიარა. უწყების ცნობით, მას ბრალდება სსსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით (ყაჩაღობა) წარედგინა, რაც 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დაკავებული პოლიციელი ტარიელ რიჟვაძე აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი იყო.