სასამართლოს დადგენილება მოგვიტანეს, პარტიამ შემოსავლები მიიღო და დამალაო – ჯაფარიძე

პუბლიკა

„გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ სასამართლო პარტიას შემოსავლების უკანონოდ მიღებასა და დამალვას ედავება.

„502 ტრანზაქციით 28 327 ლარი გაქვთ მიღებული, სადაც არ ჩანს, ვინ შემოგწირათო, ანუ ერთ ტრანზაქციაზე, საშუალოდ, 56 ლარი;

92 ტრანზაქციით 490 ლარი გაქვთ მიღებული, სადაც რაღაც მონაცემები არ ემთხვევა ერთმანეთსო,  ანუ ერთ ტრანზაქციაზე, საშუალოდ, 5 ლარი;

უცხოურ ვალუტაში გაქვთ 6 000 დოლარი მიღებულიო (სინამდვილეში შეეშალა ჩვენს მხარდამჭერს და აქედან 4 000 დოლარი უკან დავუბრუნეთ) ჯამში, 47 590 ლარი მიიღეთ უკანონოდ და დამალეთო;

ახლა ეს 47 590 ლარი აიღეთ, ორი ამდენი – 95 181 ლარი ზემოდან დაამატეთ და ბიუჯეტში ამოიტანეთო, ანუ 143 000 ლარის მიტანას გვავალდებულებენ ჩვენ, პარტიას, რომელიც ყოველთვე ლარ-ლარ ვაკეთებთ ფანდრაიზინგს, რომ გადავრჩეთ და ვაკეთოთ ის, რასაც ვაკეთებთ“, – წერს სოციალურ ქელში ჯაფარიძე.

ჯაფარიძე წერს, რომ მას ცოტა ხნის წინ შეუჩერდა Paypal-ის ანგარიშიც, რათა პარტიამ საზღვარგარეთიდან არ მიიღოს დაფინანსება.

სასამართლო პარტიას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსითა და „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 34-ე მუხლით ედავება.

„დაევალოს აკრძალული შემოწირულობის – 47 590,77 ლარის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხვა, ასევე, მასვე დაეკისროს ჯარიმა აკრძალული შემოწირულობის ორმაგი – 95 181,54 ლარის ოდენობით“, – წერია ჯაფარიძის მიერ გავრცელებულ დოკუმენტში.