თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოდან აქციაზე დაკავებულის მხარდასაჭერად მისული მოქალაქეები გააძევეს – მანდატურებმა მათ ეზოს ტერიტორია ძალით დაატოვებინეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ზვიად ცეკვავამ 500 ლარით დააჯარიმა ილია სეთური, რომელიც 10 ნოემბრის საპროტესტო აქციაში მონაწილეობდა. აქცია მტკვრის ორივე სანაპიროზე გაიმართა.
შსს-მ მიიჩნია, რომ დემონსტრანტებმა გზა ხელოვნურად გადაკეტეს და საქმის წარმოება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა – შეკრებისა და მანიფესტაციის წესის დარღვევის მუხლით დაიწყეს.
ილია სეთურის სასამართლო პროცესი დღეს, 27 ნოემბერს გაიმართა. სასამართლოში მის მხარდასაჭერად მეგობრები მივიდნენ. მათ ხელში ეჭირათ ბანერები საპროტესტო წარწერებით და ხმის გამაძლიერებლები.
სწორედ ეს გახდა მიზეზი, რისთვისაც მათ ეზო იძულებით დაატოვებინეს.
ადგილზე მივიდნენ შსს-ის თანამშრომლები, მათ შორის, ადგილზეა ვაკე-საბურთალოს პოლიციის უფროსის მოადგილე ლაშა სალუქვაძე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ზვიად ცეკვავა დღეს ჯამში იმ 11 ადამიანის ადმინისტრაციულ საქმეს განიხილავს, რომლებიც 10 და 17 ნოემბრის საპროტესტო აქციებში მონაწილეობდნენ.