სასამართლოს ეზოდან გაქცეული პატიმრის საქმეზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

პუბლიკა

თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოდან პატიმრის შესაძლო გაქცევასთან დაკავშირებით პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.

როგორც „პუბლიკას” პროკურატურაში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება ორი მიმართულებითაა დაწყებული. მათგან ერთს პროკურატურა აწარმოებს, ხოლო მეორეს – შინაგან საქმეთა სამინისტრო.

უწყებაში ამბობენ, რომ გამოძიება შესაძლო გულგრილობის ჩადენის მუხლით დაიწყეს. კერძოდ – სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სამსახურებრივი გულგრილობის ჩადენის ფაქტს გულისხმობს; უწყებაში აღნიშნავენ, რომ გამოძიება შემთხვევის დღესვე დაიწყეს.

რაც შეეხება მეორე მუხლს, გამოძიება ასევე დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 379-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, რაც ბრალდებულის/მსჯავრდებულის გაქცევას გულისხმობს;


მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ქურდობის ბრალდებით დაკავებული პირი  პოლიციელებს სასამართლოს ეზოდან გაექცა.

ტელეკომპანია „ფორმულის“ ინფორმაციით, შემთხვევა 10 ივლისს მოხდა. მხარეები სასამართლოში აღკვეთის ღონისძიების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდნენ, როდესაც სამმა პოლიციელმა სიგარეტის მოწევა გადაწყვიტა და ბრალდებული მანქანაში მარტო დატოვა.