სასამართლოს გადაწყვეტილება პრობლემურია | საია „TV პირველიდან“ მასალების ამოღებაზე

პუბლიკა

სასამართლომ „TV პირველიდან“ პროკურატურას მასალების ამოღების უფლება მისცა. შესაბამისი განჩინება ტელეკომპანიას უკვე მიუვიდა. პროკურატურა ტელეკომპანიისგან მოითხოვს რეპორტაჟში მითითებული, კონფიდენციალური წყაროს მიერ „TV პირველისთვის“ გადაცემულ ელექტრონული ინფორმაციის მატარებელ მოწყობილობას და წყაროს მიერ „TV პირველისთვის“ გადაცემულ კონვერტს ან სხვაგვარ შეფუთვას, რომელშიც მოთავსებული იყო ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობა.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელის, ნიკა სიმონიშვილის თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბერკეტი ჟურნალისტს არ გააჩნია და სასამართლო გადაწყვეტილება უნდა აღსრულდეს.

„ჟურნალისტს აქვს უფლება, არ დაასახელოს წყარო, მაგრამ პროკურატურას აქვს უფლება, მიმართოს სასამართლოს და სასამართლოს განჩინებით ასეთი ჩხრეკა/ამოღება განახორციელოს კონკრეტულ მასალასთან მიმართებით. ოღონდ, ეს უნდა იყოს უკანასკნელი ზომა და უკანასკნელი ღონისძიება.“ – ამბობს „პუბლიკასთან“ ნიკა სიმონიშვილი.

მისივე თქმით, ამ გადაწყვეტილებაში პრობლემურია პროკურატურისა და სასამართლოს ქცევა, რადგან პროკურატურას პირდაპირ სასამართლოს წესით ამოღება არ უნდა მოეთხოვა და მანამდე სხვა ღონისძიებები უნდა გაეტარებინა.

ის ამბობს, რომ სასამართლოსთვის მიმართვა უნდა ყოფილიყო უკანასკნელი ღონისძიება – სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებამდე ჯერ უნდა შეემოწმებინა, რა ძალისხმევა გასწია პროკურატურამ სასამართლოსთვის მიმართვამდე და ამის შემდეგ დაეკმაყოფილებინა პროკურატურის მოთხოვნა.

„ეს სწორი არაა. სასამართლოს ეს არ უნდა დაეკმაყოფილებინა. პროკურატურას არც კი უცდია, რომ თვითონ „TV პირველისგან მიეღო ეს ინფორმაცია და პირდაპირ მიმართა სასამართლოს. სასამართლოსთვის მიმართვა უნდა ყოფილიყო უკანასკნელი ღონისძიება. ეს განჩინება (სასამართლოსი) ბოლომდე კანონთან შესაბამისი არაა. სასამართლოს და პროკურატურის მოქმედება პრობლემურია.“ – ამბობს ნიკა სიმონიშვილი.

მისივე თქმით, სასამართლოს ამ გადაწყვეტილების გასაჩივრება შესაძლებელია განჩინების გამოყენებიდან 48 საათში, ანუ როცა ამოიღებს პროკურატურა იმას, რასაც სასამართლოს სთხოვს, 48 საათში შესაძლებელია გასაჩივრება განჩინების.

მისი თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილებიდან 30 დღის განმავლობაში ნებისმიერ დროს შეუძლია პროკურატურას შესვლა და ამოღება ინფორმაციის, თუ ტელეკომპანია თვითონ არ გადასცემს უწყებას. იმ შემთხვევაში კი, თუ ტელეკომპანია არ გადასცემს, მაშინ შესაძლებელია, სასამართლომ მთლიანად კომპანიის შენობის ჩხრეკის უფლებაც კი მისცეს პროკურატურას.

„შეუძლებელი იქნება ამ განჩინების დაყოვნება. ახლავე რომ შევიდეს პროკურატურა და ამოიღოს, „TV პირველს“ მექანიზმი, რომ ხელი შეუშალოს პროკურატურას, არ აქვს“. – ამბობს ნიკა სიმონიშვილი.