სასამართლოს გადაწყვეტილებამდე ნამახვანჰესზე მინისტრის ბრძანების შეჩერებას მოითხოვენ

პუბლიკა

საია და „მწვანე ალტერნატივა”, სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე, ნამახვანის ჰესების კასკადზე დადებითი გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების შეჩერებას მოითხოვენ. ორგანიზაციებმა ნამახვანჰესზე გაცემული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება 6 აპრილს გაასაჩივრეს და მოითხოვეს მისი ბათილად ცნობა. მათი თქმით, ამ საქმეზე ჯერჯერობით მოსამზადებელი სხდომაც არ ჩანიშნულა, პარალელურად კი კომპანია აგრძელებს შესაბამისს სამუშაოებს, რითაც, მათი თქმით, შეუქცევადი ზიანი ადგება გარემოსა და ადამიანებს. ამის გამო, მათ დღეს სასამართლოს დამატებით მიმართეს და მოითხოვეს აღნიშნული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების შეჩერება.

მათი თქმით, საქმისათვის სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რადგან გასაჩივრებული აქტის აღსრულება არსებით  და შეუქცევად ზიანს აყენებს როგორც ბუნებრივ, ასევე კულტურულ  გარემოს, საფრთხეს უქმნის  ადამიანების სიცოცხლეს,  ჯანმრთელობას და  შეუძლებელს ხდის მათი კანონიერი უფლებებისა და ინტერესების  დაცვას.

„საიამ და „მწვანე ალტერნატივამ” ადგილობრივების ინტერესების დასაცავად  ჯერ კიდევ 2020 წლის 06 აპრილს მიმართეს სარჩელით სასამართლოს და მოითხოვეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2020 წლის 28 თებერვლის ბრძანების ბათილად ცნობა, რომლითაც  ნამახვანის ჰესების კასკადის პროექტზე დადებითი გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება გაიცა.  თუმცა, დღემდე მოსამზადებელი სხდომაც კი არ არის ჩანიშნული. იმ პირობებში, როდესაც სარჩელის არსებითი განხილვა ჭიანურდება,  მხოლოდ აქტის მოქმედების შეჩერების შემთხვევაში ენიჭება მნიშვნელობა სასამართლოში დავას, რადგან სამშენებლო სამუშაოების კანონდარღვევით გაგრძელების და ჰესის აშენების შემთხვევაში, თუნდაც დაკმაყოფილდეს  სარჩელი, ვერ მოხდება სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება, ზიანი იქნება არსებითი, შეუქცევადი და  ვეღარ აღდგება პირვანდელი გარემო”, – აცხადებენ ორგანიზაციები.


გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების შესახებ 2021 წლის 2 თებერვალს სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით, გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების რისკები კიდევ უფრო მინიმუმამდეა დაყვანილი.

„2020 წელს, სამინისტროს მიერ ქვემო ნამახვანის ჰესის პროექტზე ნებართვის (გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების) გაცემას წინ უძღვოდა დეტალური კვლევები, სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის საველე კვლევები, ჰიდროლოგიის, გეოლოგიის, ბიომრავალფეროვნების და სხვა მიმართულებებით.  პროექტის შესწავლის პროცესი იყო ხანგრძლივი. პროცესში ჩართული იყვნენ მაღალკვალიფიციური ექსპერტები და სხვადასხვა  დარგის როგორც ქართველი ასევე უცხოელი სპეციალისტები”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

სამინისტროს განცხადებას გაეცანით სრულად ბმულზე;