ორგანიზაციამ – „საქართველოს სასამართლო გუშაგმა“ სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით შეფასებები და რეკომენდაციები წარმოადგინა.
ორგანიზაციის შეფასებით, დღეს არსებული ვითარება ცხადყოფს, რომ წლების განმავლობაში მიმდინარე საკანონმდებლო პროცესები არ ემსახურებოდა სასამართლოს რეფორმირების დეკლარირებულ მიზანს და დამოუკიდებელი, ანგარიშვალდებული და გამჭვირვალე სისტემის ჩამოყალიბებას.
მეტიც, სასამართლოში არსებული არაფორმალური ძალაუფლების გამყარებისთვის ბოლო წლებში დამატებითი სამართლებრივი ბერკეტები ამოქმედდა, რამაც პირდაპირი გავლენა იქონია როგორც მოსამართლეთა დამოუკიდებლობის ხარისხზე, ისე ზოგადად სასამართლო სისტემის საქმიანობაზე.
„სასამართლოს გუშაგი“ მიუთითებს, რომ ამ პროცესში საკვანძო როლი აკისრია იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, რომლის უფლებამოსილების ხარისხი და საქმიანობის პრინციპები არ შეესაბამება დემოკრატიულ სტანდარტებს და არ ემსახურება სამართლიანი მართლმსაჯულების ხელშეწყობის მიზანს.
სწორედ ამიტომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ფუნდამენტურ ცვლილებებთან დაკავშირებით საქართველოს სასამართლოს გუშაგმა შეიმუშავა რეკომენდაციები, რომლებიც ეხება როგორც საბჭოს დაკომპლექტების წესს, ისე უფლებამოსილების ხარისხსა და საქმიანობის პრინციპების ცვლილებას.
ორგანიზაციის შეფასებით, სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემები გამოწვეულია სხვადასხვა მიზეზით, მათ შორის – დაუბალანსებელი და არაფორმალური ძალაუფლებით, საკადრო პოლიტიკით, მოსამართლის დამოუკიდებლობაზე ზემოქმედების ბერკეტებით, სასამართლო სისტემის ანგარიშვალდებულების ნაკლებობითა და განუხორციელებელი სამოქმედო გეგმებით.
რეკომენდაციები:
- მნიშვნელოვანია, დროულად დაიწყოს მუშაობა ევროკომისიის პირობების შესასრულებლად, მოსამართლეთა კეთილსინდისიერების პრინციპის საგანგებო სისტემის შექმნის თაობაზე;
- შეიცვალოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობა იმგვარად, რომ წევრთა უმრავლესობას შეადგენდნენ არამოსამართლე წევრები;
- განისაზღვროს დამატებითი კრიტერიუმი არამოსამართლე წევრობის კანდიდატის წარმდგენ სუბიექტთან დაკავშირებით;
- სავალდებულო გახდეს საბჭოს წევრობის კანდიდატის მიერ საკუთარი ხედვის წარდგენა მოსამართლეთა კონფერენციის წინაშე;
- უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს შეეზღუდოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ არჩევა;
- იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ არჩეულ იქნეს არამოსამართლე წევრი და შემცირდეს მისი უფლებამოსილების ვადა;
- გადაიხედოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის ინსტიტუტი;
- დადგინდეს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო ზოგად საკითხებზე გადაწყვეტილებებს იღებს საბჭოს სრული შემადგენლობის უმრავლესობით;
- განისაზღვროს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ განსახილველი საკითხების თანდართული დოკუმენტების გამოქვეყნების ვალდებულება;
- იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ თავისი გადაწყვეტილებები რეგლამენტით დადგენილი ვადების დაცვით განათავსოს ოფიციალურ ვებგვერდზე;
- იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ გამოაქვეყნოს თავისი საქმიანობის ყოველწლიური ანგარიშები;
- იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზრუნველყოს სხდომების პირდაპირი ტრანსლაცია;
- გადაიხედოს იუსტიციის საბჭოს ორგანიზაციული სტრუქტურა;
- უზრუნველყოფილი იქნეს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ხელმძღვანელი თანამდებობის პირების შესარჩევი კონკურსების გამჭვირვალობა;
- შეფასდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დეპარტამენტების საქმიანობა;
- პერიოდულად მომზადდეს და გამოქვეყნდეს საბჭოს დეპარტამენტების საქმიანობის ანგარიშები;
- მოსამართლეებს დაეკისროთ სასამართლო სისტემის ფარგლებში ნათესაური კავშირების საჯაროდ დეკლარირების ვალდებულება.