ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) აფასებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ დეკანოზ გიორგი მამალაძის მიმართ დადგენილი განაჩენის აღსრულების გადავადებაზე უარს.
EMC მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მსგავსად კვლავ ფორმალური არგუმენტით თქვა უარი განაჩენის აღსრულების გადავადებაზე, სათანადოდ არ შეაფასა მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და მიიღო დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება.
მათი თქმით, სასამართლო ურთიერთსაწინააღმდეგოდ მსჯელობდა ამ საკითხზე, და ამიტომ ჩნდება ეჭვი, რომ ის არ შეეცადა სრულყოფილად შეესწავლა საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები და სათანადო ანალიზის გარეშე მიიღო გადაწყვეტილება.
აღნიშნულის გათვალისწინებით, EMC მიიჩნევს, რომ დეკანოზის მიმართ სასამართლოს მიღებული გადაწყვეტილებები არღვევს ადამიანის უფლებათა მნიშვნელოვან სტანდარტებს, არსებითად დაუსაბუთებელია და აგრძელებს დეკანოზის მიმართ არაჰუმანური მოპყრობის პრაქტიკას.
EMC მიიჩნევს, რომ დეკანოზისთვის არასათანადო მკურნალობა და ამ პროცესში მის მიმართ მოპყრობის სხვა პრობლემური გარემოებები (ჰიგიენის სტანდარტების დაცვა, მხარდაჭერის დროულობა და ა.შ.) გიორგი მამალაძის მიმართ არაჰუმანურ მოპყრობას უტოლდება და საქმის საერთო სამართლებრივი და პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით, აშკარაა, რომ მართლმსაჯულების სისტემა დეკანოზის უფლებების დასაცავად დემონსტრაციულად სუსტი და არაქმედითია.
გაეცანით განცხადებას სრულად ბმულზე;
EMC დეკანოზის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გათვალისწინებით შუამდგომლობით მიმათავდა სასამართლოს და ითხოვდა განაჩენის აღსრულების გადავადებას. შუამდგომლობის განხილვის მიზნით, წარდგენილი იქნა რამდენიმე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა. ჩატარებულ სასამართლო პროცესებზე მოწმის სახით დაიკითხნენ ექსპერტები, რომელთაც სასამართლოს დაუდასტურეს დეკანოზის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა და მის მიმართ განაჩენის აღსრულების გადავადების მექანიზმის გამოყენების საჭიროება.