„ქართული ოცნება“ ასრულებს უზენაესის სასურველი უვადო მოსამართლეებით დაკომპლექტების პროცესს | სასამართლოს გუშაგი

პუბლიკა

სასამართლოს გუშაგის განცხადებით, პარტლამენტის მიერ სასამართლოს უმაღლეს ინსტანციაში გავლენიან მოსამართლეთა ჯგუფის მიმართ ლოიალური სამი მოსამართლის არჩევა, საქართველოს აშორებს ევროკავშირს და მართლმსაჯულების სისტემაში არსებულ სხვა გამოწვევებთან ერთად, შესაძლოა, იქცეს ევროკავშირში გაწევრების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების ერთ-ერთი ხელისშემშლელი ფაქტორი.

ამასთან, სასამართლოს გუშაგის განცხადებით, ამ გადაწყვეტილებით, „ქართული ოცნება“ ფაქტობრივად ასრულებს უზენაესი სასამართლოს მისთვის სასურველი უვადო მოსამართლეებით დაკომპლექტების პროცესს.

სასამართლოს გუშაგის თქმით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონსტიტუციური როლისა და სტატუსის გათვალისწინებით, არსებითი მნიშვნელობა აქვს სასამართლოს დაკომპლექტებას კეთილსინდისიერი კადრებით.

„ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებასთან ერთად საქართველოსთვის განსაზღვრული პირობებიდან ერთ-ერთი შეეხება მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირებას, რომლის ფარგლებშიც უნდა შეიქმნას სასამართლოში წამყვან თანამდებობებზე მყოფი პირების კეთილსინდისიერების შემოწმების საგანგებო მექანიზმი, საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით.

ევროკომისიის 2023 წლის 8 ნოემბრის დასკვნის თანახმად, კეთილსინდისიერების შემოწმება უნდა შეეხოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს და სასამართლოების თავმჯდომარეებს.  თუმცა „ქართულმა ოცნებამ“ არათუ არ დაიწყო მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმების მექანიზმის შექმნაზე მუშაობა, არამედ პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ  საკითხი დახურულადაც კი გამოაცხადეს. ეს კი სასამართლო სისტემას ართმევს საფუძვლიანი რეფორმირების სამომავლო პერსპექტივას“, – ნათქვამია განცხადებაში.


პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კენჭისყრით უზენაეს სასამართლოში სამი მოსამართლე – გოჩა ჯეირანაშვილი, გიზო უბილავა და ბადრი შონია აირჩიეს.

მოსამართლეები უზენაეს სასამართლოში უფლებამოსილებას გვარების ანბანური თანმიმდევრობით შეუდგებიან. გიზო უბილავა უფლებამოსილებას დღეიდან შეუდგება, ბადრი შონია და გოჩა ჯეირანაშვილი კი – 18 ოქტომბრიდან.

კომიტეტზე მოსამართლეებს შეკითხვები დაუსვეს სასამართლო სისტემაში „კლანისა“ და სისტემის გამოწვევის შესახებ.

მოსამართლე გიზო უბილავამ განაცხადა, რომ სასამართლოში გავლენიანი ჯგუფი, „კლანი“ არ არსებობს.

უზენაესში ახლად არჩეული მოსამართლეების შესახებ მეტ ინფორმაციას გაეცანით ბმულზე.

უზენაეს სასამართლოში სამი ვაკანსია იყო გამოცხადებული.

2023 წლის დეკემბერში უზენაესი სასამართლოს უვადოდ არჩეულმა მოსამართლემ, ალექსანდრე წულაძემ დატოვა თანამდებობა, რადგან ის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველ მოადგილედ დაინიშნა. ამასთან, ორ მოსამართლეს, ნინო ბაქაქურსა და ზურაბ ძლიერაშვილს 2024 წლის ოქტომბერში თანამდებობაზე ყოფნის 10-წლიანი ვადა ეწურებათ.

2024 წლის 24 იანვარს იუსტიციის უმაღლესი საბჭომ გადაწყვიტა, რომ კონკურსი გამოეცხადებინა არა მხოლოდ მოსამართლის ერთ ვაკანსიაზე, არამედ ნინო ბაქაქურისა და ზურაბ ძლიერიშვილის ადგილზეც, 10-წლიანი ვადის ამოწურვამდე, ცხრა თვით ადრე.