ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან 8 ნოემბრის ღამეს ადმინისტრაციული წესით დაკავებული 19 პირიდან 18-ზე საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა.
ოთხ პირს – 1000-ლარიანი ჯარიმა; ერთ პირს – 1500-ლარიანი ჯარიმა; ერთ პირს – 3-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა; 7 პირს – 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა; 2 პირს – 4-დღიანი, ერთ პირს – 7-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა, ერთ პირს – 8-დღიანი პატიმრობა, ბექა წერედიანს სიტყვიერი შენიშვნა დაეკისრა.
ინფორმაცია „პუბლიკას“ საქალაქო სასამართლოს პრესსამსახურმა მიაწოდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნებისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტზე, ადმინისტრაციული წესით, ჯამში 19 პირი დააკავეს.
კახაბერ საბანაძის თქმით, სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა და ცესკოს ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით მიმდინარეობს.
ცესკოსთან სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი რამდენჯერმე გამოიყენა.
მას შემდეგ, რაც ცესკოსთან საპროტესტო აქციაზე სამართალდამცველებმა კიდევ ერთხელ გამოიყენეს წყლის ჭავლი, ოპოზიციის ლიდერებმა, ალეკო ელისაშვილმა და ნიკა მელიამ საზოგადოებას მოუწოდეს, რომ დაშლილიყვნენ და მომდევნო დღეს, ანუ 9 ნოემბერს 18:00 საათზე რუსთაველის გამზირზე შეკრებილიყვნენ.
8 ნოემბერს პარლამენტიდან აქციის მონაწილეებმა ცესკოსთან გადაინაცვლეს. ისინი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ. ოპოზიციურმა პარტიებმა პარლამენტში შესვლაზე და მანდატებზე უარი თქვეს. შესაბამის დოკუმენტსაც მოაწერეს ხელი. მათი მოთხოვნებია: თამარ ჟვანიას გადადგომა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის შეცვლა, ხელახალი არჩევნები და პოლიტპატიმრების გათვაისუფლება.