პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი არ იზიარებს კრიტიკას, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში ცვლილებების პროექტი პრეზიდენტის სადამსჯელო ღონისძიებაა.
მისი თქმით, სამართლებრივი თვალსაზრისით არავინ არ დავობს, რომ ეს არის ხარვეზი არსებულ კანონმდებლობაში და სჭირდებოდა გამოსწორება.
„რაც შეეხება პოლიტიკურ ნაწილს, თითქოს ეს არის სადამსჯელო ღონისძიება, ეს საერთოდ წარმოუდგენელია, მათ შორის, როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციები იყენებენ ამ ტერმინს, სასამართლო ინსტრუმენტის გამოყენებასთან დაკავშირებით. როგორ შეიძლება სასამართლოსადმი მიმართვა განვიხილოთ, როგორც ვინმეს დასჯა და ამაზე ის ორგანიზაციები საუბრობენ, რომლებიც თავადაც არაერთხელ მიმართავენ ხოლმე საკონსტიტუციო სასამართლოს.
საკონსტიტუციო სასამართლოს ინსტრუმენტი არის ყველაზე სამართლებრივი, ცივილიზებული და დემოკრატიული მეთოდი იმისთვის, რომ გაირკვეს საკითხი. ამ შემთხვევაში საკითხი ეხება იმას, თუ ვის კომპეტენციაში არის ელჩების დანიშვნის შინაარსობრივი გადაწყვეტა.
…საკითხი არის მარტივად. აქამდე არასდროს კომპეტენციების შესახებ დავა არ წარმოებულა საქართველოში. ამიტომ, ეს ხარვეზი არავისთვის თვალში მოსახვედრი არ ყოფილა და რომ პრაქტიკაში იქნება ხელისშემშლელი. ყველა თანხმდება, რომ კომპეტენციაში შეჭრა შეიძლება მათ შორის არა მხოლოდ სამართლებრივი აქტით, არამედ ქმედებით ან უმოქმედობითაც, ამიტომ აქ სამართლებრივი კუთხით ყველაფერი ცხადია“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით, სახელმწიფო ორგანოს შეეძლება კომპეტენციის შესახებ დავის წამოწყება მეორე ორგანოს წინააღმდეგ მის მიერ გამოცემული არა მხოლოდ ნორმატიული აქტის, არამედ ასევე მოქმედების/უმოქმედობის საფუძველზეც, თუკი მიიჩნევს, რომ ამ ორგანომ მისი კონსტიტუციური უფლებამოსილება დაარღვია.