სასამართლოში 2 სექტემბერს რუსთაველზე დაკავებულების ადმინისტრაციული საქმეების განხილვა დაიწყო

პუბლიკა

თბილისის საქალაქო სასამართლოში 2 სექტემბერს რუსთაველზე დაკავებულების ადმინისტრაციული საქმმეების განხილვა დაიწყო.

თუმცა, მოსამართლეებმა გადაწყვეტილება მხოლოდ რამდენიმე საქმეზე გამოიტანეს.

2 სექტემბერს პოლიციამ რუსთაველზე თეა წულუკიანის განცხადებების გასაპროტესტებლად გამოსული 23 ადამიანი დააკავა. მათ გზის გადაკეტვა სურდათ, თუმცა, პოლიციელებმა ამის საშუალება არ მისცეს, შემდეგ კი ტროტუარზე ძალადობით დააკავეს.

„ოცნების” შსს-ის განცხადებით, ისინი არ დაემორჩილნენ პოლიციის მითითებებს.

  • დღეს სასამართლომ 5000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა ლუკა დევდარიანს.
  • კიდევ ერთი მოქალაქე, ნიკა კორძაძე მოქალაქე თორნიკე ქოჩქიანმა 5000 ლარით დააჯარიმა.
  • 5000 ლარით დაჯარიმდა დავით გუნაშვილი. 

პროცესის შემდეგ ლუკა დევდარიანმა თქვა, რომ დაკავებისას მასზე იძალადეს და დაზიანება მიიღო.

„ძალით მომიჭირეს და ჩამტენეს მანქანაში და იქ მივიღე დაზიანება. ცივი ბოთლით გაყინული ბოთლით, ბეჭებში მირტყეს. ერთი-ორმა თავში ჩამარტყა. მერე ჩქმეტა დამიწყეს და რომ მტკიოდა, მეც გავკარი ხელი. მანქანაში ფარდები გადმოწიეს, რომ ხალხს არ დაენახა და მერე მიმიყვანეს განყოფილებაში. „პადვალში” ჩაგიყვანთო და იქ მაგრად გცემთო”. – თქვა ლუკა დევდარიანმა.

არ დასრულებულა ანუკი ჩრდილელის საქმის განხილვა. მან თქვა:

„თითით ანიშნეს ჩემზე, დააკავეთო. ტროტუარზე ვიდექი. არ ყოფილა არანაირი გაფრთხილება, მოწოდება. ვერც იქნებოდა, იმიტომ, რომ დღისით, მზისით ვიდექი ტროტუარზე თეატრთან და რა დავაშავე ამით. ოქმში ჩამიწერეს, რომ ვიგინებოდი და ვილანძღებოდი. ასეთი არაფერი არ ყოფილა.

ვინც შემაგდო მანქანაში, ის სხვა ადამიანია და ვინც დამკავებლად გამიფორმეს – სხვა”.

„ეს იყო უხეში და სრულიად არალეგიტიმური დაკავება. არანაირ ჩარჩოებში არ ჯდება. უბრალოდ იმის გამო, რომ პოლიციის მანქანასთან ახლოს ვიდექი, შემაგდეს მანქანაში. რა თქმა უნდა, ჩამიწერეს, რომ ეს იყო ბილწსიტყვაობა და შეურაცხყოფა, რაც არ ყოფილა”. – თქვა ალბი კორძაიამ. 

განახლება: ალბი კორძაიას 12 დღე შეუფარდეს.