„სასამართლოში დარაჯის თანამდებობის მერე იწყება თქვენი შთამბეჭდავი კარიერა, რაც უცნაურია“ - იოსელიანი

პუბლიკა

იურიდიულ კომიტეტზე საქართველოს პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენილი საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის, გენადი მაკარიძის მოსმენა მიმდინარეობს. კანდიდატს კითხვები დაუსვა პარტია „მოქალაქეების“ წევრმა ლევან იოსელიანმა.

მისი კითხვები გენადი მაკარიძის ბიოგრაფიას და სასამართლოს სისტემაში კარიერულ წინსვლას შეეხებოდა.

ლევან იოსელიანი: ჩემი კითხვა ეხება თქვენს ბიოგრაფიას, თქვენი პირველადი არჩევანი იურისტობა არ ყოფილა?

გენადი მაკარიძე: არა.

ლევან იოსელიანი: თქვენ ჯერ დაიწყეთ სწავლა ნედლეულის ტექნოლოგიის მიმართულებით და მერე გადაწყვიტეთ, რომ გამხდარიყავით იურისტი. ასეა თუ არა?

გენადი მაკარიძე: მთლად ასე არაა. სკოლას რომ ვამთავრებდი, უკვე ვიცოდი, რომ იურისტი უნდა გავმხდარიყავი, იყო სოციალური გარემოებები…

ლევან იოსელიანი: მაშინ რატომ გადაწყვიტეთ ნედლეულის ტექნოლოგიების შესწავლა?

გენადი მაკარიძე: იყო გარემოებები, რის გამოც დაბრკოლდა თავდაპირველად იურიდიულზე ჩაბარება.

ლევან იოსელიანი: ეს არის ფაქტობრივი მოცემულობა, რომ თქვენი პირველადი არჩევანი იურისტობა არ ყოფილა.

გენადი მაკარიძე: დიახ.

ლევან იოსელიანი: საკმაო ხანი ისწავლეთ ნედლეულის გადამუშავების მიმართულებით და შემდეგ გადახვედით სხვა უნივერსიტეტში, სადაც დაიწყეთ… თქვენი პირველი სამსახური ფიქსირდება 2004 წელს, ამ დროს თქვენ იყავით 28 წლის, რით იყავით დაკავებული 28 წლამდე?

გენადი მაკარიძე: სოფლის მეურნეობით.

ლევან იოსელიანი: სოფლის მეურნეობით იყავით დაკავებული 28 წლამდე, როცა გქონდათ ორი უმაღლესი განათლება?

გენადი მაკარიძე: ორი უმაღლესი არა, მე იურიდიული 2006 წელს დავამთავრე, პირველი უნივერსიტეტის შემდეგ სოფლის მეურნეობით ვიყავი დაკავებული და ჩავაბარე ამის შემდეგ.

ლევან იოსელიანი: 28 წლამდე, თქვენი სპეციალობით დამატებითი კვალიფიკაცია არ მიგიღიათ?

გენადი მაკარიძე: დამატებით სხვა არა.

ლევან იოსელიანი: ამ კითხვას იმიტომ გისვამთ, რომ თქვენ მერე იწყებთ მუშაობას ერთ-ერთ სასამართლოში დარაჯის პოზიციაზე და მერე იწყება ძალიან შთამბეჭდავი თქვენი კარიერული წინსვლა და აი, აქ ხართ უზენაესის სასამართლოს კანდიდატად მობრძანებული. ჩემი აზრით, ცოტა უცნაურია, როცა 28 წლამდე ადამიანი არ არის საერთოდ დაკავებული თვითგანვითარებით და მერე ასე მოკლე დროში თავბრუდამხვევ კარიერას იკეთებს სასამართლოს კუთხით.

ლევან იოსელიანმა მაკარიძეს კითხვები სასამართლოში “კლანის” არსებობასაც დაუსვა. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი გენადი მაკარიძე არ იზიარებს მოსაზრებას სასამართლო სისტემაში “კლანის” არსებობის შესახებ. “მუდმივად ისმის გავლენიანი ჯგუფის არსებობა მხოლოდ განმარტებებით. ვერც ფაქტზე მითითება, ვერც პიროვნებებზე მითითება, სახელების გარდა რაში გამოიხატება, ვერ ვნახე. “კლანის” ტერმინიც გაჩნდა, მაგრამ საფუძველი, რომელიც ვინმეს აფიქრებინებდა, რომ ობიექტურად ეს მართლაც ასეა, მე ვერცერთ განცხადებაში ვერ დავინახე”, — განაცხადა მაკარიძემ