სასამართლოში დავის დაწყების გამო კომისიის გადაწყვეტილება ავტომატურად არ ჩერდება - კომისიის წევრი

პუბლიკა

კომუნიკაციების კომისიის წარმომადგენელი ივანე მახარაძე „მაუწყებლობის შესახებ კანონში“ შესატან ცვლილებაზე აცხადებს, რომ ყველა ეს ცვლილება ევროდირექტივებიდან გამომდინარეობს.

კანონპროექტის კრიტიკოსთა საპასუხოდ მახარაძე აცხადებს, რომ „ომუნიკაციების კომისია „არანაირ ვალდებულებას კომისია ბოროტად არ იყენებს, არ გამოუყენებია და არც მომავალში გამოიყენებს.“

მისივე თქმით, მედიაში გავრცელდა არაზუსტი ინფორმაცია, თითქოს დაჯარიმების შესახებ კომისიის გადაწყვეტილება ავტომატურად ჩერდება, როცა მედიასაშუალება სასამართლოს მიმართავს. მახარაძე ამბობს, რომ ეს წესი აქამდე კანონში არ ყოფილა, შესაბამისად კანონმდებლობა ახალ წესს არ ითვალისწინებს.

„კომისიის არც ერთი გადაწყვეტილება ავტომატურად არ ჩერდება, ეს არაზუსტი ინფორმაციაა. ეს დირექტივით გათვალისწინებული ვალდებულებაც არის. თქვენ შეგიძლიათ, შესაბამისი მუხლი, 30-ე მუხლის მე-6 პუნქტი [ნახოთ]. ჩვენთან გავრცელდა არაზუსტი ინფორმაცია, არასდროს კომისიის გადაწყვეტილება ავტომატურად არ ჩერდება.

სასამართლო განიხილავს კონკრეტულ საქმეს. თუ ჩათვლის, რომ შეჩერების საფუძველი არსებობს, მაშინ შეიძლება შეჩერდეს, მაგრამ, მაგალითად, უკანასკნელი 100 გადაწყვეტილება რომ ავიღოთ კომუნიკაციების კომისიის, მხოლოდ 2-ზე ჩათვალა საჭიროდ სასამართლომ, რომ შეჩერების უფლებამოსილება გამოეყენებინა. სხვა შემთხვევაში ავტომატურად არ ჩერდება და არც შეიძლება, დარგის რეგულატორის გადაწყვეტილება ავტომატურად ჩერდებოდეს, ამან, შეიძლება, დარგის ჩამოშლა გამოიწვიოს.

ამიტომაც არის ამის შესახებ მკაფიო ჩანაწერი დირექტივაში… სასამართლოში დავის დაწყება ავტომატურად არ აჩერებს. ამაზე ცალკე უნდა იმსჯელოს სასამართლომ“, – განაცხადა მან.

პარლამენტმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტის განხილვა დაიწყო.

ცვლილებებს პირველი მოსმენით ევროპასთან ინტეგრაციის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომასა და დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტზე დაუჭირეს მხარი.

განხილვამ დისკუსიის ფონზე ჩაიარა. ოპოზიცია, არასამთავრობო სექტორი და მედიის წარმომადგენლები კანონპროექტში მედიის შინაარსობრივი რეგულირების საფრთხეს ხედავენ.

მათი მთავარი შენიშვნა იყო ის, რომ უმრავლესობამ კანონპროექტზე მუშაობა ფართო კონსულტაციების გარეშე დაიწყო.

ოპოზიციამ ცვლილებების პროექტში სამი პრობლემური მუხლი გამოყო: სიძულვილის ენის აკრძალვა, კანონში პასუხის უფლების ასახვა და კომუნიკაციების კომისიის ბერკეტი, მოითხოვოს მაუწყებლისგან ჯარიმის დაუყოვნებლივი აღსრულება.

„დარეგისტრირებული კანონპროექტი სხვა საკითხებთან ერთად ითვალისწინებს კომისიის სამართლებრივი აქტების დაუყოვნებლივ აღსრულებას, მიუხედავად იმისა, გასაჩივრდა თუ არა ისინი სასამართლოში. კოალიცია მიიჩნევს, რომ კომუნიკაციების კომისიის მიერ კრიტიკული მედიასაშუალებების სანქცირების პრაქტიკის გათვალისწინებით, მნიშვნელოვნად იზრდება კრიტიკული მედიის მიმართ პოლიტიკურად მიკერძოებული გადაწყვეტილებების დაუყოვნებლივ აღსრულებით მოსალოდნელი ზიანის რისკი“, – ნათქვამია ასევე „მედიაკოალიციის“ განცხადებაშიც.