სასამართლოში გრიგორიადისის დასკვნითი სხდომა დაიწყო - ის პროცესს არ დაესწრება

პუბლიკა

თბილისის საქალაქო სასამართლოში ლაზარე გრიგორიადისის დასკვნითი სხდომა მიმდინარეობს – გრიგორიადისი სხდომას არ დაესწრება. როგორც ადვოკატმა ლიკა ბითაძემ განაცხადა, მან თავისი სურვილით თქვა უარი სასამართლოში მისვლაზე და პროცესზე დისტანციურად ჩაერთვება.

როგორც ცნობილია, ლაზარე გრიგორიადისი საბოლოო სიტყვითაც ისარგებლებს. დასკვნითი სიტყვა ექნებათ მხარეებსაც, რის შემდეგაც მოსამართლე, სავარაუდოდ, გადაწყვეტილებას გამოაცხადებს.

დასკვნითი სხდომა 26 თებერვალს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა, მოსამართლის შვებულებაში ყოფნის საბაბით გადაიდო. გრიგორიადისის ოჯახი მიიჩნევს, რომ ლაზარეს საქმის განხილვას სასამართლოში „განზრახ აჭიანურებდნენ”, რათა ის დიდხანს იყოს პატიმრობაში და „დაისაჯოს”.

ოჯახიც, ადვოკატების მსგავსად, გამამტყუნებელ განაჩენს ელის – მათ არაერთხელ განაცხადეს, რომ ამ შემთხვევაში, საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეწყალების თხოვნით მიმართავენ.

ლაზარე გრიგორიადისი 29 მარტს დააკავეს. ის მარტში რუსული კანონის წინააღმდეგ აქციების დროს პოლიციელზე თავდასხმასა და პოლიციის მანქანის დაწვაშია ბრალდებული.