სასამართლოში იულონ გაგოშიძის ეროვნული მუზეუმიდან გათავისუფლების საქმის განხილვა დაიწყო

პუბლიკა

დღეს იულონ გაგოშიძის ეროვნული მუზეუმიდან გათავისუფლების საქმეზე პირველი მოსამზადებელი სხდომა გაიმართა.

როგორც „საერთაშორისო – გამჭვირვალობა საქართველოს” იურისტმა და გაგოშიძის უფლებადამცველმა თეო ზაქარაშვილმა „პუბლიკასთან” საუბარში აღნიშნა, დღევანდელი სხდომა ეხებოდა მტკიცებულებების გამოთხოვასა და მოთხოვნების დაზუსტებას. მისი თქმით, ამ პროცესების დასრულების შემდეგ დაიწყება არსებითი განხილვა.

„2022 წელს, მას შემდეგ, რაც გაათავისუფლეს, მივმართეთ სასამართლოს და მოვითხოვეთ როგორც გათავისუფლების ბრძანების უკანონოდ ცნობა, განაცდურის აღდგენა; ასევე, მოვითხოვეთ დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტის დადგენა და მორალური ზიანის ანაზღაურება, თუ გახსოვთ ქალბატონი წულუკიანის მიმართვებიც იყო და გადაცემებიც კი მიუძღვნა, ასე რომ, ამ შემთხვევაში, დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტის დადგენაც არის ჩვენი მოთხოვნა”, – აღნიშნა ადვოკატმა.

2022 წლის 27 აპრილს სოციალურ ქსელში იულონ გაგოშიძის სახელით შედგენილი გათავისუფლების განცხადება გავრცელდა – განცხადება მუზეუმის კანცელარიაში გაგოშიძეს თავად გადასცეს და ხელის მოწერა სთხოვეს.

სასამართლოში თეა წულუკიანის მიერ ეროვნული მუზეუმიდან გათავისუფლებულთა საქმეები გრძელდება – ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, წულუკიანს საქმე კიდევ ორმა თანამშრომელმა მოუგო.

პროფკავშირის ცნობით, ჯამში სასამართლოში 15 საქმე მოიგეს, თუმცა განსახილველი კიდევ 70-მდე სარჩელია.