სასამართლოში კლანი არ არის, სპეკულაციებს არ ერიდებიან კონკრეტული პოლიტიკოსები და NGO-ები - კობახიძე

პუბლიკა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ სასამართლოში კლანი არ არსებობს და ამის შესახებ ყველა განცხადება სპეკულაციურია.

„სასამართლოსთან დაკავშირებით დადგენილების პროექტი, ყველამ ვიცით, რომ არის სპეკულაციური პროექტი. ჩვენ ვიცით, რომ ბესელია გახდა უკვე „ნაციონალური მოძრაობის“ ძალიან ღია ქომაგი, მათ შორის, რურუასი, უგულავასი და სხვების და, ზოგადად, იმ ადამიანების, რომლებიც ყველაზე მძიმედ არიან დაკავშირებულnი „ნაცმოძრაობის“ კრიმინალურ პოლიტიკურ წარსულთან, აქედან გამომდინარე, მისგან ბუნებრივია, არ გვიკვირს ასეთი სპეკულაციური დადგენილების ინიცირება”, – განაცხადა კობახიძემ.

კობახიძის თქმით, ნიკა მელიამ მისცა აღიარებითი ჩვენება, როცა ერთ-ერთ ეთერში განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს არსებობდა კლანი, სასამართლო კი იუსტიციის სამინისტროს ექვემდებარებოდა.

„სპეკულაციებს არ ერიდებიან კონკრეტული პოლიტიკოსები და კონკრეტული ცალკეული NGO-ები”, – ამბობს კობახიძე.

კოალიციამ „სამართლიანი მართლმსაჯულებისთვის” გუშინ მოუწოდა საქართველოს პარლამენტს, მხარი დაუჭიროს ინიცირებულ დადგენილებას საქართველოს სასამართლო სისტემაში კლანური მმართველობის აღიარების თაობაზე და საზოგადოებასთან ერთად გადადგას ნაბიჯები კლანური მმართველობის აღმოფხვრისა და სასამართლო სისტემის რეალური რეფორმირებისკენ.