საქალაქო სასამართლოში დეკანოზ გიორგი მამალაძის სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებული პროცესი გადაიდო. მოსამართლის თქმით, საქმის განხილვა სამკურნალო დაწესებულებაში გაგრძელდება.
„სასამართლოს ჰქონდა მზაობა, რომ საჯაროდ მომხდარიყო აღნიშნული საქმის განხილვა მაგრამ მოვიდა წერილი სამკურნალო დაწესებულებიდან, საიდანაც ირკვევა, რომ მსჯავრდებულს თავად არ სურს პროცესებზე გამოცხადება. აღნიშნული წერილიდან ირკვევა, რომ მსჯავრდებული სასჯელს იხდის ნომერ მე-18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში.
სამედიცინო დოკუმენტაციაზე დაყრდნობით დადასტურებულად არ ირკვევა, რომ მსჯავრდებულს არ შეუძლია დამოუკიდებლად გადაადგილება, მაგრამ მსჯავრდებული პირადი მოტივით უარს აცხადებს გადაადგილებაზე და მუდმივად იმყოფება მწოლიარე მდგომარეობაში.
ნაცვლად სასამართლო დარბაზისა, საქმის განხილვა ჩატარდეს სამკურნალო დაწესებულებაში. ამ ფორმით მოვიდა წერილი და სასამართლო საქმის ძირითად განხილვას ჩავატარებთ სამკურნალო დაწესებულებაში”,- განაცხადა მოსამართლემ.
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ითხოვდა, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს, ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გათვალისწინებით, სასჯელი ჯანმრთელობის გაუმჯობესებამდე გადავადებოდა.
ორგანიზაცია EMC სასჯელის გადავადების შესახებ შუამდგომლობის საფუძვლად დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას ასახელებს.
გიორგი მამალაძე 2019 წლის 22 თებერვლიდან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის N18 სამკურნალო დაწესებულებაში იმყოფება. მას პარალიზებული აქვს მარჯვენა ზედა და ქვედა კიდური და ვერ ახერხებს დამოუკიდებლად გადაადგილებას.
გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა განსაკუთრებით 2019 წლის 15 თებერვალს გაუარესდა. ის თავდაპირველად ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს. სამედიცინო კონსილიუმის მიერ დისოციაციური მოტორული აშლილობა დაუდგინდა, რაც კომპლექსურ თერაპიულ მკურნალობას ითხოვდა. თუმცა, მამალაძე პენიტენციური სამსახურის გადაწყვეტილებით, ღუდუშაურის კლინიკიდან რამდენიმე დღეში მოულოდნელად N18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
„მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დაახლოებით სამჯერ შეაფასეს კვალიფიციურმა ექსპერტებმა, ხოლო კიდევ ერთი დამატებითი ექსპერტიზა პენიტენციური სამსახურის მოთხოვნის საფუძველზე ჩატარდა. დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ ჩატარებული სამივე ექსპერტიზის შემთხვევაში დადასტურებულია დეკანოზის დიაგნოზი (დისოციაციური მოტორული აშლილობა) და განსაზღვრულია, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებას არ აქვს მსგავსი შემთხვევის მართვის შესაძლებლობა“, – ამბობენ EMC-ში.
ორგანიზაციაში ამბობენ, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია 2019 წლის დეკემბერში დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ წამებისა და სასტიკი მოპყრობის მიმართ სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების სახელმძღვანელო პრინციპებზე დაყრდნობით მომზადებული ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმადაც მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია – პარალიზებულ კიდურებზე აღენიშნება ციანოზური ელფერი და ატროფიის ნიშნები, და თუ საჭირო მკურნალობას ვერ მიიღებს, არსებობს დაინვალიდების სერიოზული რისკი.