სასამართლოში მამუკა ხაზარაძის გამოკითხვა დასრულდა

პუბლიკა

თბილისის საქალაქო სასამათლოში, მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხვა დასრულდა.

სასამართლოს დარბაზიდან გამოსვლის შემდეგ ხაზარაძემ თქვა, რომ გამოკითხვაზე ისევ დაიბარებენ.

საქმე „ქათული ოცნების” პარლამენტში „ენმ-ის ხელისუფების დანაშაულების შემსწავლელი კომისიის” სხდომაზე მის გამოუცხადებლობას ეხება. კომისიას თეა წულუკიანი ხელმძღვანელობს.

„დამაზუსტებელი კითხვები იყო, არაფერი მნიშვნელოვანი, ჩვეულებრივი სასამართლო პროცედურა ჩატარდა და ველოდებით შემდგომ გამოძახებას.

მთავარი კითხვა არის, რატომ არ მივედი ე.წ პარლამენტში შექმნილი კომისიის სხდომაზე, რომელსაც ვუწოდე ცირკი, შაპიტო და ბიძინას შოუ. რაზედაც ვუპასუხე, რომ მე, როგორც პოლიტიკური პარტიის ლიდერი, რომელსაც ათასობით ადამიანმა მოგვცა მანდატი, ჩვენ გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ დაგვეტოვებინა ეს მანდატი, იმიტომ რომ არ ვაღიარებთ ამ ე.წ. პარლამენტის ლეგიტიმაციას.

წამოღებული მქონდა საბუთები, საერთაშორისო გადაწყვეტილებები, რომელიც მინდოდა გამეცნო მოსამართლისთვის, რომ არც ერთ ქვეყანას, არც ევროკავშირს, ევროსაბჭოს, აშშ-ს [არ უღიარებია ლეგიტიმაცია]. ასევე, წამოღებული მქონდა ამ მთავრობის სანქცირებული წევრების სია, რომ დართულიყო ეს საქმეში და ამეხსნა, რომ ეს არ არის ჩემი მიზეზი, არამედ ეს არის საფუძველი, თუ  რატომ არ ვაღიარებთ ჩვენ ამ არალეგიტიმურ პარლამენტს. ამის საშუალება მოსამართლემ არ მომცა”. – თქვა მამუკა ხაზარაძემ.

საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობა სისხლის სამართლის წესით ისჯება.

კომისიის მუშაობაში მონაწილეობაზე უარი თქვა „ძლიერი საქართველოს” კიდევ ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემაც.

ორივე მათგანი დაბარებული იყო შპს „მაგნატის” და მისი მესაკუთრე ჯემალ ლეონიძის საქმეების განხილვაზე. „მაგნატის” საქმე კომკსიამ 25 მარტს განიხილა.

პროკურატურამ მამუკა ხაზარაძის კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო გამოძიება სსკ-ის 349-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯარიმას ან 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, ასევე თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების 3 წლამდე ვადით ჩამორთმევას ითვალისწინებს.