სასამართლოში სკოლის მოსწავლე სანდრო ჯოხაძის და მისი ძმის, გიგა ჯოხაძის პროცესი მიმდინარეობს

პუბლიკა

თბილისის საქალაქო სასამართლოში 16 აპრილის აქციაზე დაკავებული სკოლის მოსწავლის, სანდრო ჯოხაძისა და მისი ძმის, გიგა ჯოხაძის ადმინისტრაციული პროცესი მიმდინარეობს.

ძმები უკვე გამოიკითხნენ. მიმდინარეობს სხვა მტკიცებულებების გამოკვლევა.

სანდრო ჯოხაძის თქმით, მან ვერ იცნო ერთ-ერთი პოლიციელი, რომელმაც დღეს ჩვენება მისცა და თქვა, რომ ჯოხაძე სწორედ მან დააკავა.

საქმეს მოსამართლე კობა ჩაგუნავა განიხილავს.

„ჩემი დაკავება ასე მოხდა: სპეცრაზმელებმა მცემეს, გამატარეს კორდონი. მეორე პოლიციელი საერთოდ ვერ ვიცანი. ძალიან ბევრ ტყუილს ამბობენ. ერთ-ერთი ამბობს, რომ პოლიციელებს ვაგინებდი, მეორე ამბობს, რომ არ ვიგინებოდი. ერთი ამბობს, რომ სპეცრაზმმა შემიყვანა, მეორე ამბობს, რომ თვითონ დამაკავა”, – თქვა სანდრო ჯოხაძემ.

გიგა ჯოხაძე კი ამბობს, რომ მას კორდონის გარღვევას ედავებიან, რაც აბსურდულია, ვინაიდან კორდონიდან 20-25 მეტრში იდგა.

„არც მე და არც ჩემს ძმას შეხება არ გვქონია კორდონთან. დაგვაკავეს სპეცრაზმელებმა და ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფასაც სწორედ ისინი გვაყენებდნენ. პოლიციელები აძლევენ ცრუ ჩვენებას. ისინი იყვნენ დაახლოებით 30-40 მეტრის დაშორებით. ჩვენს ლოკაციაზე არ იდგნენ”, – თქვა გიგა ჯოხაძემ.

რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებულ პირებს, რომელთა ადმინისტრაციული საქმეც სასამართლომ უკვე განიხილა, ჯარიმა დააკისრეს.

„ლელოს” გენერალური მდივანი, ირაკლი კუპრაძე და „გირჩის” წევრი, გელა ხასაია გაამტყუნეს წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ნაწილებში. კუპრაძე 2500 ლარით დააჯარიმეს, ხასაია – 2600 ლარით.