სასამართლოში ზურა ჯაფარიძის და ნიკა მოსიაშვილის პროცესი ხმაურით მიმდინარეობს, მოთხოვნის მიუხედავად, სხდომა არ გადაიდო

პუბლიკა

თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 მარტის აქციაზე დაკავებული ზურაბ ჯაფარიძისა და ნიკა მოსიაშვილის სასამართლო პროცესი ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.

სასამართლო დარბაზში შეძახილების გამო მოსამართლემ დარბაზიდან რამდენიმე ადამიანი გამოაძევა. ხმაური იყო დერეფანშიც. ისინი სკანდირებდნენ „მონებო!“

დაკავებულების ადვოკატები და მხარდამჭერები პროცესის გადადებას მოითხოვენ, რადგან ჯაფარიძე და მოსიაშვილი თავს შეუძლოდ გრძნობენ.

ადვოკატ დიტო ბარამაშვილის თქმით, ნიკა მოსიაშვილს მაღალი წნევა აქვს, რასაც ექიმიც ადასტურებს. ამის მიუხედავად, მოსამართლე სხდომის გადადების გადაწყვეტილებას არ იღებს. ახლა პროცესზე შესვენებაა გამოცხადებული.

„პროცესის გადადების უამრავი საფუძველი არსებობდა, როგორც ფორმალური, ასევე შინაარსობრივი მხარე. ადამიანი არის ძალიან ცუდად. 160/90-ზე აქვს წნევა ამ წუთას. დაიჭირეს, თავში ურტყეს, დააზიანეს. კომპიუტერული ტომოგრაფიაა სასწარაფოდ გასაკეთებელი, რომ ვნახოთ, თავზე ხომ არ აქვს დაზიანება. განცხადება დავწერეთ იზოლატორშიც, თუმცა არ ჩაუტარეს. შედეგს ვიღებთ ახლა იმას, რომ სასამართლოში ზის ნიკა მოსიაშვილი, სვამს წამლებს, არ უწევს წნევა.

მოსამართლეს უნდა გადადოს პროცესი, როცა ხედავს, რომ კრიტიკული მომენტია და რაღაც შეიძლება მოხდეს, იღებს ტელეფონს, გადის, ვიღაცას ურეკავს და იქიდან ეუბნებიან, არ გადადოს. სხვა შთაბეჭდილება არ მრჩება“, – განაცხადა მან „რადიო თავისუფლებასთან“.

სხდომას ესწრება ნიკა მოსიაშვილის დედაც.

„დარბაზმაც სთხოვა მოსამართლეს, მეც ვთხოვე სხდომის გადადება, მაგრამ მოსამართლე, როგორც ჩანს, დაპროგრამებულია, ვიღაცის დავალებებს ასრულებს. პიროვნულად კარგი ადამიანი ჩანს, მაგრამ ეტყობა, წნეხის ქვეშაა, მე ეს დასკვნა გამოვიტანე. გავა მოსამართლე, დარეკავს, შემოვა. მოსამართლე ვერ იღებს დამოუკიდებლად გადაწყვეტილებას, არის შეშინებული, ძალიან დაბნეული და სისტემა ასეთ მდგომარეობაში აყენებს მოსამართლეებს“, – განაცხადა მან.

ზურაბ ჯაფარიძე და ნიკა მოსიაშვილი ადმინისტრაციული წესით პოლიციის დაუმორჩილებლობის და წვრილმანი ხულიგნობის მუხლებით არიან დაკავებული.

ადვოკატების განცხადებით, ზურაბ ჯაფარიძეს და ნიკა მოსიაშვილს დაზიანებები აქვთ მიღებული, მათ კი სათანადო სამედიცინო მეთვალყურეობა არ ეწევათ. ომბუდსმენ ლევან იოსელიანის შეფასებით, რომელიც მან 8 მარტს გააკეთა, ჯაფარიძე დაკავებულთა შორის ყველაზე მეტადაა დაშავებული.

DRI-ის შეფასებით, ჯაფარიძის მიმართ გამოყენებული იქნა არაპროპორციული ძალა.

ზურაბ ჯაფარიძის დაკავების ვიდეო: