სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიებს აუქციონზე გავიტანთ - თურნავა

პუბლიკა

მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ “100 შეთავაზება ბიზნესს“ პროექტზე ისაუბრა.

მისი თქმით, პროგრამის არეალი გაფართოვდება და არა მხოლოდ სახელმწიფო ქონების პრივატიზებას მოიცავს, არამედ წიაღისეულის ლიცენზიების აუქციონებსაც.

„უკვე 50 მლნ ლარამდეა შესული სახელმწიფო ბიუჯეტში ამ „100 შეთავაზება ბიზნესს“ პროგრამიდან. მნიშვნელოვანია, რომ ამ პროექტის დაწყების მომენტიდან იმდენად მაღალი იყო ბიზნესის აქტივობა, რომ გასული წელი პრივატიზების მხრივ გადაჭარბებით დავასრულეთ. აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, გავაფართოვოთ არეალი და მოვიცვათ არა მხოლოდ სახელმწიფო ქონების პრივატიზება, არამედ წიაღისეულის ლიცენზირების აუქციონებიც. ეს აუქციონები ტრანსფარენტულად იმართება, მაგრამ უფრო მასშტაბურად მომზადდება 100 პარალელური აუქციონი. წიაღისეულის აუქციონი იქნება გამჭირვალე. სიახლე იქნება ვალდებულებები გადამუშავებასთან დაკავშირებით. ჩვენი ამოცანაა ჩვენი წიაღისეულის არა მხოლოდ მოპოვება და ამ ფორმით გასვლა ექსპორტზე, არამედ ის, რომ ძირითადი ღირებულება რჩებოდეს საქართველოში. ამ გადამუშავების მოთხოვნის გამო, სულ მცირე, 120 მლნ ლარის ინვესტიცია ჩაიდება, გადამამუშავებელ სიმძლავრეებზე და 1200 სამუშაო ადგილი შეიქმნება ამ პროგრამის ფარგლებში. გამოტანილ ობიექტებზე იქნება უფრო მაღალი სტანდარტი ეკოლოგიისა და გარემოზე ზემოქმედების ნეიტრალიზაციის მხრივ,  – განაცხადა თურნავამ.