სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლის მკვლელობაზე სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო

პუბლიკა

პროკურატურამ მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მულახში მომხდარ მკვლელობაზე ბ.ნ.-ს მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

მათი თქმით, პროკურატურამ  ბ.ნ.-ს მიმართ დაუსწრებლად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლითა და 236-ე მუხლის მეოთხე ნაწილით სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.

„ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურაში 20 აპრილს დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, შსს სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტის ზემო სვანეთის მე-2 სასაზღვრო სექტორის – მულახის თანამშრომლის ბ.ნ.-ის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, ამავე სასაზღვრო სექტორის თანამშრომლის ბ.ი.-ის განზრახ მკვლელობის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით.

საქმეზე ჩატარებული ღონისძიებებით ამ ეტაპზე დადგენილია, რომ 2020 წლის 20 აპრილს, დაახლოებით 14:30 საათზე, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მულახში, შსს სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტის ზემო სვანეთის მე-2 სასაზღვრო სექტორის – მულახის თანამშრომელმა ბ.ნ.-მ ურთიერთშელაპარაკებისას ცეცხლსასროლი იარაღიდან ორჯერ გასროლით, მუცლის არეში სხეულის დაზიანება მიაყენა ამავე სასაზღვრო სექტორის თანამშრომელს ბ.ი.-ს, რომელიც მიღებული ჭრილობების შედეგად საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა, ხოლო ბ.ნ. მიიმალა შემთხვევის ადგილიდან“, – ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მათი თქმით, კანონით დადგენილ ვადაში პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების თაობაზე სასამართლოს მიმართავს. პარალელურად მიმდინარეობს სამძებრო ღონისძიებები ბ.ნ-ს ადგილსამყოფელის დადგენისა და მისი ბრალდებულის სახით დაკავების მიზნით.