სასესხო ვალდებულების მქონე მოქალაქეებს უფასო სამართლებრივ დახმარებას სთავაზობენ

პუბლიკა

ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით საინიციატივო ჯგუფი – #დააპაუზეუფასოდ, ორი თვის განმავლობაში სასესხო ვალდებულების მქონე შემოსავლის გარეშე დარჩენილი მოქალაქეებს უფასო სამართლებრივ დახმარებას გაუწევს. ამის შესახებ ინფორმაციას „ღია საზოგადოება – საქართველო“ ავრცელებს.

„მსოფლიო პანდემიის ახალი COVID-19-ის აღმოფხვრის მიზნით გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობისა და ეკონომიკური შეზღუდვების დაწესების შედეგად საქართველოში ასიათასობით ფორმალურად თუ არაფორმალურად დასაქმებული მოქალაქე სამსახურისა და შემოსავლის გარეშე დარჩა ან მკვეთრად შეუმცირდა შემოსავალი. შესაბამისად, ისინი ვეღარ ახერხებენ ვადამოსული სასესხო ვალდებულებების შესრულებას”, – წერია განცხადებაში.

მათი ინფორმაციით, საინიციატივო ჯგუფი ასეთ ფიზიკურ პირებს სამართლებრივ დახმარებას გაუწევს.

„მომსახურება ითვალისწინებს სამართლებრივ კონსულტაციას და სამართლებრივი დოკუმენტების მომზადებას და ელექტრონულად მიწოდებას“, – აღნიშნავს ორგანიზაცია.

უფასო იურიდიული მომსახურებით სარგებლობა შეუძლიათ შემოსავლის/სამსახურის გარეშე ან/და მკვეთრად შემცირებული შემოსავლით დარჩენილ ფიზიკურ პირებს თბილისის მასშტაბით, რომლებსაც აქვთ ვალდებულება მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ან/და ონლაინსაკრედიტო დაწესებულებების მიმართ.

„ღია საზოგადოების ფონდის” ინფორმაციით, ზემოხსენებული უფასო სამართლებრივი დახმარების მიღების მიზნით შეგიძლიათ მოგვამრთოთ: Facebook-გვერდის მეშვეობით, ელექტრონული ფოსტით ან ტელეფონით, ნომერზე 599 35 55 51.