სასჯელის გადავადებაზე მიხეილ სააკაშვილის მომდევნო პროცესი 22 დეკემბერს ჩაინიშნა

პუბლიკა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი არევაძემ მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების მოთხოვნის განხილვა 22 დეკემბრამდე გადადო.

მოსამართლემ განმარტა, რომ პროცესს 21 დეკემბერს, მიხეილ სააკაშვილის დაბადების დღეს შეგნებულად არ ნიშნავს.

„არ მინდა სხვანაირი ინტერპრეტაცია მიეცეს“,- განმარტა მოსამართლემ, რომელმაც აღნიშნა, რომ ამ თარიღამდე მას თავისუფალი დრო არ აქვს.

პროცესზე მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი საავადმყოფოდან არ გადაიყვანეს და არც დისტანციურად ჩართეს.

მოსამართლემ წაიკითხა პენიტენციური სამსახურიდან და საავადმყოფოდან მიღებული განმარტებები:

„ბატონი ნიკა აბრამიშვილის წერილია თავად, რომ, დღეის მდგომარეობით, პენიტენციური სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას, უზრუნველყოს მსჯავრდებული სააკაშვილის დისტანციურად ჩართვა. ეს ამ წერილის პირველი აბზაცია.

ასევე, წერილი, რომელიც ეს წუთია, მოიწერეს: 2022 წლის 14 დეკემბერს ჩანიშნულ სასამართლო პროცესზე ექიმი არ მიიჩნევს მიზანშეწონილად სააკაშვილის ტრანსპორტირებას, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე“, – განაცხადა მოსამართლემ.

პენიტენციური სამსახურის უარი თავად სამსახურის ხელმძღვანელმა, ნიკა აბრამიშვილმა განმარტა:

„როგორც მოგეხსენებათ, 2022 წლის 9 დეკემბერს წარმოდგენილი იყო სამედიცინო დოკუმენტაცია, რომელიც ჩვენ სასამართლოდან გავიტანეთ მომდევნო სამუშაო დღეს, 12 დეკემბერს. შესაბამისად, ეს სამედიცინო დოკუმენტაცია საჭიროებს შესწავლას,  დამუშავებას და ამისთვის სამსახურს ესაჭიროება გონივრული ვადა, რომელიც არის ერთი თვე და სწორედ ეს ვადა ესაჭიროება სამსახურს, შეისწავლოს დოკუმენტაცია და სასამართლოს წარმოუდგინოს სრულყოფილი პოზიცია“, – განაცხადა აბრამიშვილმა.