„სასტიკ რეპრესიაში მონაწილე მოსამართლეები და პროკურორები უნდა დასანქცირდნენ“ - უილსონი სიას აქვეყნებს

პუბლიკა

ამერიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი სოციალურ ქსელ X-ზე წერს, რომ „ივანიშვილის რეჟიმის ყველა მძევალი და პოლიტპატიმარი უნდა გათავისუფლდეს“. ის აქვეყნებს იმ მოსამართლეებისა და პროკურორების სიას, რომელთა დასანქცირებასაც ითხოვს.

„ივანიშვილის რეჟიმის ყველა მძევალი და პოლიტპატიმარი უნდა გათავისუფლდეს! ყველა მოსამართლე და პროკურორი, რომელიც მონაწილეობას იღებს ამ სასტიკ რეპრესიაში, უნდა დასანქცირდეს! თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ერთადერთი გზაა წინ“, – წერს უილსონი.

ამ პოსტს ახლავს სიები, პირველ მათგანში, „ქართული ოცნების ტყვეებში“ 52 ადამიანია, მათ შორის პროევროპული აქციების დროს დაკავებული ახალგაზრდები, ასევე „ბათუმელები“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი, მზია ამაღლობელი.

მომდევნო სია მოიცავს 37 ადამიანს, 19 მოსამართლესა და 18 პროკურორს „რომლებიც ამ ადამიანების საქმეებში არიან ჩართულნი, არღვევენ ადამიანის უფლებებსა და საქართველოს კონსტიტუციას ივანიშვილის უკანონო ბრძანებების შესრულებით“.

მოსამართლეებს შორის არიან ქეთევან ჯაჭვაძე, თამარ მჭედლიშვილი, ნათია გუდაძე, ლელა მილდენბერგერი, ნინო სახელაშვილი, ასევე  გენერალური პროკურორი გიორგი გაბიტაშვილი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის  პროკურორი ზაზა მეტონიძე და სხვები.