Amnesty International-მა საქართველოში 29 ნოემბრის შემდეგ აქციებზე საპოლიციო ძალების მიერ არაპროპორციული ძალის გამოყენებასა და მოქალაქეების მიმართ ძალადობაზე ვრცელი ანგარიში მოამზადა.
იქ საუბარია, რომ მასობრივ საპროტესტო გამოსვლებს, სადაც ათიათასობით დემონსტრანტი მშვიდობიანად გამოხატავდა საკუთარ უფლებას, პოლიციამ „წყლის ჭავლით, ცრემლმდენი გაზითა და რეზინის ტყვიებით უპასუხა”, რასაც სიტუაციის გამწვავება მოჰყვა.
„ძალადობისა და შეტაკებების დროს მრავალი ადამიანი დაშავდა, ვიდეო კადრებმა აღბეჭდა მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების მიმართ ფიზიკური ძალადობის ფაქტები. პოლიციამ ასევე დაიწყო დემონსტრანტების დევნა აქციის ფარგლებს გარეთ, რაც მოიცავს სახლებში და ოფისებში ჩხრეკასა და დაპატიმრებებს. ამ დროისთვის დაკავებულია 460-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის 430-ზე მეტი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის, ხოლო 30-ზე მეტი სისხლის სამართლის ბრალდებით იდევნება.
გავრცელებული ცნობების თანახმად, დაკავებულთა უმრავლესობა, 300-ზე მეტი ადამიანი პოლიციის მიერ წამებისა და არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი გახდა, რომლის მრავალი შემთხვევა წამებას უტოლდება. 80-ზე მეტ ადამიანს მძიმე დაზიანებებით დასჭირდა ჰოსპიტალიზაცია, მათ შორის მოტეხილი ძვლებითა და ტვინის შერყევებით. პოლიციის მიერ გამოყენებული უკანონო ძალა, წამება და სხვა ქმედებები მიანიშნებს იმაზე, რომ ეს ქმედებები მთავრობის დირექტივების ფარგლებში ხდება და დაუსჯელობის სინდრომით არის წახალისებული”, – აღნიშნულია ანგარიშში.
აქვე, მითითებულია, რომ სასამართლო ძირითადად უგულებელყოფს წამებისა და სამართლიანი სასამართლოს დარღვევების უფლებებს, რის შედეგადაც, 160-დე მეტ ადამიანს დაეკისრა ჯარიმა ან ადმინისტრაციული პატიმრობა. ორგანიზაციის შეფასებით, პოლიცია და სრულიად მართლმსაჯულების სისტემა, როგორც ჩანს, გამოიყენება დემონსტრანტების დაშინებისა და მშვიდობიანი პროტესტების ჩასახშობად, რაც „ინსტიტუციონალიზებულ რეპრესიებს” ასახავს.
„უფლებადამცველი ჯგუფების მიერ აღწერილი „პოლიციური ტერორი“ ახლახან კიდევ უფრო გამწვავდა უცნობი ნიღბიან ჯგუფების მიერ ქუჩის ტერორის განხორციელებით, რომლებიც პოლიციის თანხმობით ემუქრებიან და ძალადობენ დემონსტრანტებსა და მედიაზე”.
Amnesty International-მა ანგარიშში თავი მოუყარა ძალის გადამეტების შემთხვევებს, როგორც დემონსტრანტების, ასევე ჟურნალისტების მიმართ. მათი განცხადებით, უფლებადამცველებმა პოლიციის მხრიდან ძალადობა „სისტემურ და სასტიკ რეპრესიად“ შეაფასეს. გაეცანით ანგარიშსს ვრცლად.