სასტუმრო „ამბასადორში“ ხანძრის გაჩენის ფაქტზე ერთი პირი დავაკავეთ - შსს

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სასტუმრო „ამბასადორში“ ხანძრის გაჩენის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.

„ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1995 წელს დაბადებული ა.ლ. ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანების ან განადგურების ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ, თბილისში მდებარე სასტუმრო „ამბასადორის“ ერთ-ერთ ნომერში მყოფმა სტუმარმა გააჩინა ხანძარი, რომელიც გავრცელდა სასტუმროს მესამე და მეოთხე სართულზე“, – აცხადებს შსს.

უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა დანაშაულში ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.