ჩატარდება სასტუმრო „ოაზისის“ ყველა ვიზიტორის ტესტირება - ნიჟარაძე

პუბლიკა

აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ ბრიფინგზე ჩაქვის სასტუმრო „ოაზისში“ არსებულ ეპიდსიტუაციაზე განმარტება გააკეთა. მისი განცხადებით, სასტუმროში ახლა ეპიდკვლევა მიმდინარეობს.

„ჩატარდება ყველა ვიზიტორის ტესტირება. პრაქტიკულად, სასტუმროში არ მოხდება ახალი ვიზიტორების შეშვება და ვიდრე ძველი ვიზიტორების პასუხები არ გვეცოდინება, ისინი ვერ დატოვებენ სასტუმროს“, – აღნიშნა აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა.

ნიჟარაძის განმარტებით, დაახლოებით ერთი, მაქსიმუმ ორი დღის განმავლობაში სასტუმრო ამ მდგომარეობაში იქნება, სანამ სტუმრების PCR დიაგნოსტიკის შედეგები არ გახდება ცნობილი. მინისტრის თქმით, ამ შედეგებზე იქნება დამოკიდებული უწყებების შემდეგი მოქმედები.


ჩაქვში, სასტუმრო „ოაზისის” ერთ-ერთი სტუმარს, ექიმს კორონავირუსი დაუდასტურდა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ „TV პირველთან” განაცხადა.

„ჩაქვში, სასტუმრო „ოაზისში” მიმდინარეობდა ექიმების კონფერენცია. იქ იყო ერთ-ერთი ადამიანი საეჭვო სიმპტომებით და იყო კონტაქტირებული ინფიცირებულთან. ამიტომ ის გაიტესტა. ახლა მომაწოდეს ინფორმაცია, რომ ინფექცია დადასტურდა”, – განაცხადა მან.

ბოლო 24 საათში გამოვლენილი 38 ახალი შემთხვევიდან 22 შემთხვევა ბათუმში მდებარე საკონდიქტრო „დონას“ კლასტერიდანაა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მოუწოდებს მოქალაქეებს, რომლებიც ბოლო ორი კვირის განმავლობაში იმყოფებოდნენ ბათუმში მდებარე საკონდიტრო „დონაში“, ჩაიტარონ ტესტირება, რომელიც მათთვის უფასო იქნება.