ბათუმის მერიის ინიციატივით, იგეგმება პლაჟის მონაკვეთების ბრენდული სასტუმროებისთვის პირდაპირი განკარგვის წესით იჯარით მართვაში გადაცემა. მერიის განცხადებით, ხელშეკრულებაში გარანტირებული იქნება პლაჟზე განთავსებული ინფრასტრუქტურის საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომობა.
მათი თქმით, ინიციატივის მიზანია ტურისტული ქალაქის მოთხოვნების შესაბამისად ბულვარის განაშენიანება და მისი კონსერვაციის გეგმასთან შესაბამისობაში მოყვანა.
ბათუმის მერი, ლაშა კომახიძე ამ ინიციატივასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს:
„გასული პერიოდი გვიჩვენებს, რომ პლაჟებზე სხვადასხვა ობიექტის განთავსება იყო და რჩება მაღალი ინტერესის საგნად. ბევრი შენიშვნაა ამ ობიექტების იერსახისა თუ ფუნქციონალური ნაწილის თვალსაზრისით, რასაც აბსოლუტურად ვიზიარებთ.
აქედან გამომდინარე, მზარდი ტურისტული ქალაქისათვის, პლაჟებზე შესაბამისი დონის ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფის მიზნით, მივიღეთ გადაწყვეტილება, მივცეთ საშუალება, მსხვილ ბრენდულ სასტუმროებს მათ წინ არსებული პლაჟები მართონ. ხაზგასმით მინდა ვთქვა, მართვა არ ნიშნავს გასხვისებას“.
ბათუმის მერის განცხადებით, პლაჟების ბრენდული სასტუმროებისთვის მართვაში გადაცემა საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომობის მხრივ პრობლემებს არ შექმნის:
„ვინაიდან, ეს არის მაღალი დონის ბრენდული სასტუმროები, ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ მათ ინტერესში იქნება თავიანთ წინ არსებული პლაჟების მაღალ დონეზე მოწყობა. როგორც მათი ასევე იმ ობიექტების გამოყენების თვალსაზრისით, რომელზეც ნება ექნებათ დართული. მათთან ხელშეკრულებაში აუცილებლად იქნება გათვალისწინებული საზოგადოების ინტერესები, რომ ეს არ იყოს დახურული პლაჟები, პირიქით, იყოს სრული წვდომა საზოგადოების მხრიდან ყველა იმ ინფრასტრუქტურასა თუ პლაჟის ნაწილთან, რომელიც მართვაში გადაეცემათ“, – განაცხადა კომახიძემ.
ბათუმის მერიის ინიციატივას კენჭი ბათუმის საკრებულოში უნდა ეყაროს. მხოლოდ საკრებულოს მხარდაჭერის შემთხვევაში გადაეცემა ხსენებულ ბრენდულ სასტუმროებს სანაპიროები პირდაპირი განკარგვის წესით, იჯარით მართვაში.
ბათუმის მერიის წარმომადგენელმა „პუბლიკას“ განუცხადა, რომ ხელშეკრულება გაითვალისწინებს სანაპიროსა და ბულვარის განაშენიანების არსებულ გეგმას.
იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად აქვს აღნიშნულ ინიციატივას მხარდაჭერა საკრებულოში, ბათუმის მერიაში ინფორმაცია არ აქვთ.