სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ-ში“, სავარაუდოდ, სროლა იყო – დაკავებულია 1 პირი. ადგილზე მობილიზებული იყვნენ საპატრულო პოლიციის, კრიმინალური პოლიციისა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, „ადგილზე მისვლისას დადგინდა, რომ სასტუმროს ერთ-ერთ ნომერში ჩაკეტილი იყო ერთი პირი, რომელიც სასტუმროს პერსონალს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა“.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში, შემოვიდა შეტყობინება, რომ თბილისში მდებარე ერთ-ერთი სასტუმროს ნომრიდან, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის ხმა გაისმა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა შეტყობინების მიღებისთანავე, მყისიერი რეაგირება მოახდინეს და შემთხვევის ადგილზე ოპერატიულად გამოცხადდნენ შესაბამისი დანაყოფები, მათ შორის საპატრულო პოლიციის, კრიმინალური პოლიციისა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები.
ადგილზე მისვლისას დადგინდა, რომ აღნიშნული სასტუმროს ერთ-ერთ ნომერში ჩაკეტილი იყო ერთი პირი, რომელიც სასტუმროს პერსონალს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 151-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას და მუქარას გულისხმობს.