სასტუმროსა და ბინაზე მყოფ პაციენტების ნაწილს 3 სავალდებულო გამოკვლევა ჩაუტარდებათ - ცერცვაძე

პუბლიკა

ჯანდაცვის სამინისტროში კლინიკური ჯგუფის შეხვედრა დასრულდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, რომ სასტუმროში და ბინაზე მყოფ პაციენტთა ნაწილს სამი სავალდებულო გამოკვლევა ჩაუტარდება.

მისი თქმით, სამი სავალდებულო გამოკვლევიდან ერთია სისხლის საერთო ანალიზი, მეორე – D დიმერი, მესამე – სატურაციის განსაზღვრა.

„დღევანდელი სხდომა ეთმობოდა იმას, თუ როგორ გაუმჯობესდეს ბინაზე და კოვიდსასტუმროში პაციენტების მკურნალობა, რათა მინიმიზებული იქნეს ის რისკები, რაც იწვევს ბინაზე დატოვებულების გარდაცვალებას. პირველი – ყველა სასტუმროში დატოვებულ პაციენტს და ბინაში მყოფთა ნაწილს ჩაუტარდება სამი სავალდებულო გამოკვლევა: სისხლის საერთო ანალიზი, D დიმერი და სატურაციის განსაზღვრა.

ეს შერჩევით ტარდებოდა, მაგრამ დღეიდან იქნება სავალდებულო და სისტემური. D დიმერის განსაზღვრა გაძლევს სიგნალს, პაციენტს აქვს თუ არა თრომბო ემბოლიური რისკი და შესაბამისი ჩარევით ეს გართულება თავიდან იქნება აცილებული. სისხლის ანალიზი გვაძლევს სურათს, რამდენად მძიმეა პროცესი და ხომ არ არის ბაქტერიული გართულება და მესამე სატურაციის განსაზღვრა არის ძალიან მნიშვნელოვანი, რაც მოგვცემს საშუალებას განვსაზღვროთ, რამდენად არის ის ჟანგბადზე დამოკიდებული“, – განაცხადა ცერცვაძემ.

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 2 775 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 3 560  პირი, გარდაიცვალა 22 ადამიანი.

დღეს გამოვლენილი 2 775 შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით:

  • თბილისში გამოვლენილია 1 044 შემთხვევა;
  • აჭარაში – 503;
  • იმერეთში – 526;
  • ქვემო ქართლში – 207;
  • შიდა ქართლში – 177;
  • გურიაში – 89;
  • სამეგრელო – ზემო სვანეთში – 117;
  • კახეთში – 36;
  • მცხეთა-მთიანეთში – 43;
  • სამცხე-ჯავახეთში – 25;
  • რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 8.

ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 14 525.