სასულიერო პირების მხრიდან ძალადობის ფაქტებზე უნდა დაიწყოს ეფექტიანი გამოძება - სოციალური სამართლიანობის ცენტრი

პუბლიკა

„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ (ყოფილი EMC) ეხმიანება ბოლო კვირებში სასულიერო პირების მონაწილეობით ჩადენილი ძალადობის შემთხვევებს და სახელმწიფოს ამ შემთხვევების ეფექტიანი გამოძიებისკენ მოუწოდებს. ამ განცხადებას სოციალური სამართლიანობის ცენტრი ავრცელებს.

ორგანიზაცია მოუწოდებს საქართველოს საპატრიარქოს, საჯაროდ გაემიჯნოს მოქალაქეების და ჟურნალისტების მიმართ გამოვლენილი ძალადობის პრაქტიკას და მიიღოს ზომები ეკლესიის შიგნით მშვიდობიანი და უსაფრთხო გარემოს შექმნისა და მოძალადე სასულიერო პირების მიმართ შიდა საეკლესიო სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებისთვის.

„ბოლო კვირებში სასულიერო პირების მონაწილეობით სავარაუდო დანაშაულის არაერთი სამწუხარო ინციდენტი დაფიქსირდა, რომელიც ძალადობის პრაქტიკის ხასიათს იღებს.  ამ ინციდენტებში მაღალი სასულიერო იერარქების მონაწილეობა კი ძალადობის ნორმალიზებასა და წახალისებას ახდენს და ეკლესიის გავლენების გათვალისწინებით, სოციალურ მშვიდობას არღვევს“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

მათი თქმით, ბოლო დროს ძალადობის შემთხვევებზე საგამოძიებო ორგანოებს ამ დრომდე ეფექტიანი რეაგირება არ მოუხდენიათ.

„ძალადობის ჩამდენი სასულიერო პირების მნიშვნელოვანი ნაწილი  არ არის დაბარებულები გამოძიებაში და მათ ამ დრომდე არ დაკისრებიათ პასუხისმგებლობა. მთლიანობაში ყველა ამ ინციდენტეზე საზოგადოებისთვის უცნობია, თუ რა საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა პოლიციამ და პროკურატურამ მომხდარ შემთხვევებზე და როგორია მათი შედეგები. საგამოძიებო ორგანოების დემონსტრაციული პასიურობა და არაეფექტიანობა ცხადია, რომ ამგვარ ძალადობას ახალისებს და მის ნორმალიზებას ახდენს. განსაკუთრებით შემაშფოთებელია ძალადობის დაშვება მედიის წარმომადგენლების მიმართ, რომელიც მათი საქმიანობისთვის ხელშეშლისა და მედიის მუშაობის შეფერხების გაუმართლებელ შედეგებს იწვევს “, – წერია გავრცელებულ განცხადებაში.

მათი თქმით, ნიშანდობლივია, რომ მსგავსი შემთხვევები ოპოზიციური ტელევიზიის წარმომადგენლების მიმართ ყველაზე ხშირად ხდება, რაც ხელისუფლების სიძულვილის რიტორიკის და პოლიტიკური პოლარიზების საერთო რეალობის შედეგია.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი მიიჩნევს, რომ პროკურატურამ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ.

ბოლო დროს მომხდარ ძალადობის ფაქტებზე უნდა დაიწყოს ეფექტიანი, დროული და სამართლიანი გამოძიება და მათ შორის, გამოკვეთოს ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლის, ასევე პოლიტიკური თუ სხვა შეხედულობის გამო შეუწყნარებლობის მოტივები და ქმედებებს ადეკვატური სამართლებრივი კვალიფიკაცია მისცეს;

შინაგან საქმეთა სამინისტრომ

სათანადოდ გაზომოს ძალადობის შესაძლო რისკები ცალკეულ ეპარქიებში და მიიღოს ადეკვატური პრევენციული ზომები, ამ პროცესში მიუმხრობლობისა და ნეიტრალობის პრინციპების განუხრელი და მკაცრი დაცვით;

მთავრობა, პარლამენტმა და პოლიტიკურმა პარტიებმა

გაიაზრონ სიძულვილზე, შუღლზე დაფუძნებული სენტიმენტების პოლიტიკური ინსტრუმენტალიზების მძიმე სოციალური შედეგები და ზიანი და მიიღონ სათანადო ზომები (მათ შორის, საინფორმაციო კამპანიების, პარტიული რეგულაციების დაწესების გზით) მშვიდობაზე, დემოკრატიულ პრინციპებზე და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული პოლიტიკური ეთიკისა და კულტურის დამკვიდრებისთვის;

საქართველოს საპატრიარქო

გაემიჯნოს ბოლო კვირებში მისი სასულიერო პირების მონაწილეობით ჩადენილ ძალადობრივ ინციდენტებს, მათ შორის, მედიის წარმომადგენლების, კარტოგრაფების მიმართ და მიიღოს საეკლესიო სამართლებრივი და სხვა ზომები ძალადობის აღსაკვეთად და დამნაშავე პირებისთვის სამართლიანი პასუხისმგებლობის დასაკისრებლად.

წაიკითხეთ განცხადება სრულად: