სასულიერო პირების მოსმენების საქმეზე გამოძიება ხარვეზულია - სოციალური სამართლიანობის ცენტრი

პუბლიკა

„გამოძიება ხარვეზულია და ნდობა, რომ ის რეალური სამართლებრივი შედეგების მიღწევისკენაა მიმართული, დაბალია”, – „სოციალური სამართლიანობის ცენტრი” 2021 წლის 13-14 სექტემბერს გასაჯაროებული ე.წ. სუს-ის კრებსების თაობაზე მიმდინარე გამოძიების შედეგებს აფასებს.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრი” გამოძიების პროცესში იცავს სასულიერო პირების, მათ შორის, მალხაზ სონღულაშვილის, რუსუდან გოცირიძის, დედა სიდონიას, დეკანოზი გიორგი მამალაძის, ასევე სამოქალაქო აქტივისტებისა და თავად სოციალური სამართლიანობის ცენტრის თანამშრომლების სამართლებრივ ინტერესებს. გთავაზობთ განცხადებას:

„როგორც ცნობილია, 2021 წლის 13-14 სექტემბერს ღია ქსელში აიტვირთა და მედია საშუალებებით გასაჯაროვდა სასულიერო პირების, ჟურნალისტების, სამოქალაქო აქტივისტების, სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლების კერძო კომუნიკაციის ამსახველი ე.წ.  კრებსები, რომლებიც სხვადასხვა წლებში სავარაუდოდ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ არის შექმნილი.

ინფორმაციის გავრცელების შემდგომ თბილისის პროკურატურამ დაიწყო გამოძიება კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის შესაბამისად და ამ დრომდე არსებობს ძირეული კრიტიკა მიმდინარე გამოძიების ეფექტიანობასთან დაკავშირებით. გავრცელებული მასალები, სავარაუდოდ უსაფრთხოების სამსახურების მიერ ფარული მიყურადების მასობრივ პრაქტიკას აჩვენებს, რომელიც ასობით ადამიანის პირადი ცხოვრების უფლების ხელშეუხებლობის ხელყოფის მიღმა, მოქალაქეების სოციალური კონტროლის და უსაფრთხოების სისტემაში ძირეულ ინსტიტუციურ და პოლიტიკურ გამოწვევებზე უთითებს. ცხადია, რომ ამ პრაქტიკამ რელიგიური ორგანიზაციების შიდა საქმიანობაში სახელმწიფოს უკანონო ინტერვენციის ნეგატიური გამოცდილებაც გამოავლინა.

გამოძიების დაწყებიდან მხოლოდ  ერთი წლის  შემდეგ, პროკურატურამ ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი პირები დაზარალებულად ცნო და მოგვეცა სისხლის სამართლის საქმის მასალების მხოლოდ ნაწილის გაცნობის შესაძლებლობა. დაზარალებულის სტატუსის მონიჭების შემდეგ პროკურატურამ სრულიად დაუსაბუთებლად  უარი გვითხრა საქმის მასალების გადმოცემაზე და მხოლოდ საქმის მასალების არასაიდუმლო ნაწილის გაცნობის შესაძლებლობა მოგვცა ადგილზე. მაგალითად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა თითქმის სრულად დაშტრიხა უსაფრთხოების სამსახურების თანამშრომლების გამოკითხვის ოქმები, რაც ჩვენთვის შინაარსის სრულყოფილად გაცნობას შეუძლებელს ხდის.  

საქმის მასალების გაცნობის შემდეგ ჩვენთვის ნათელი გახდა, რომ მიუხედავად იმისა, რომ თბილისის პროკურატურამ გამოძიების პირველივე თვეებში ჩაატარა რიგი  საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, მნიშვნელოვანი, მათ შორის, ჩვენს მიერ მოთხოვნილი საგამოძიებო მოქმედებები ჩატარებული არ არის  და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების გამოკითხვის დროს ყურადღება არ არის გამახვილებული გამოძიებისათვის კრიტიკული მნიშვნელობის საკითხებზე.

მათ შორის, ჩვენთვის ხელმისაწვდომი მასალებით ჩანს, რომ

1. გამოძიების ფარგლებში არ არიან გამოკითხულები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მაღალჩინოსნები;

2. გამოკითხულები არ არიან ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს (ე.წ. ოტოს) თანამშრომლები და სრულყოფილად არ არის შემოწმებული არც ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს (ე.წ. ოტოს) მუშაობის შიდა მექანიზმები და ინსტრუქციები;

3.  სუს-ის დანარჩენი თანამშრომლების გამოკითხვაც ხარვეზიანია და ფორმალური, ისინი ხშირად სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის სახელით გამოძიების ფუნდამენტურ კითხვებს პასუხს არ სცემდნენ. მათთვის დასმული კითხვებიც კი მხოლოდ სამსახურეობრივ ჩატში კომუნიკაციას არ უკავშირდებოდა და არა უფრო ფართოდ, კრებსებში წარმოდგენილ სხვა შინაარსებზე და შესაძლო დარღვევებს;

4.  გამოძიების ფარგლებში ამ დრომდე არ არის შემოწმებული ის სამართლებრივი საფუძვლები, რომლის საფუძველზეც ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი პირების მოსმენა ხორციელდებოდა.

5. მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები (მაგალითად, ტელეფონებისა და სამსახურეობრივი კომპიუტერების ჩხრეკა და ამოღება) დაგვიანებით ჩატარდა, როცა მტკიცებულებებზე გარეშე ზემოქმედება უკვე შესაძლებელი იყო.

ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით აშკარაა, რომ მიმდინარე გამოძიება აშკარად ხარვეზულია, სუსტად დამოუკიდებელი საიდუმლო მასალებზე გამოძიების დაბალი ხელმისაწვდომობის და შემოწმების გამო და ნდობა, რომ გამოძიება რეალური სამართლებრივი შედეგების მიღწევისკენ არის მიმართული, დაბალია”, – ნათქვამია განცხადებაში.